არჩევნები 2013

ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა

0 კომენტარი
ფოტო: www.cec.gov.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები წარმოადგინა. ცესკოს განცხადებით, კომისიას, კანონმდებლობის მიხედვით, შედეგების შეჯამების ვადა 16 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების არცერთი შემაჯამებელი ოქმი არ გასაჩივრებულა და საარჩევნო დავა არ მიმდინარეობს არცერთ ინსტანციაში, ცესკომ შეძლო, რომ ოთხი დღით ადრე შეეჯამებინა არჩევნების შედეგები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. მან 1 012 569 ხმა მიიღო,  რაც არჩევნებზე მისული ადამიანების 62.12%-ს შეადგენს. 21.72% ანუ 354 103 ხმა მიიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. 

მესამე ადგილზე ნინო ბურჯანაძე 10.19%-ით გავიდა. მან 166 061 ხმა მიიღო. მეოთხეზეა შალვა ნათელაშვილი, რომელმაც საბოლოოდ ხმათა 2,88% მოიპოვა. 1.06% ანუ 17 354 ხმა მიიღო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ.

"დანარჩენი საპრეზიდენტო კანდიდატების მაჩვენებელმა ერთ პროცენტს ვერ გადააჭარბა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ცესკო მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელიც დადებითად შეფასდა დამკვირვებლების მიერ. ასევე მადლობას ვუხდით საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით, ამომრჩევლებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას", - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები