ჯარისკაცების მოწამვლა

61 ჯარისკაცის მოწამვლის გამო, ქართული კვების კომპანიიდან მზარეული დაითხოვეს

ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში გუშინ, 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა. როგორც შპს ქართული კვების კომპანია აცხადებს, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია. გამოძიების პირველადი მონაცემებით, იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას, რის გამოც ის ქართული კვების კომპანიიდან უკვე დაითხოვეს.

"სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ჰქონია. არცერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დასჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული ქართული კვების კომპანიიდან უკვე დათხოვნილია", - აცხადებს კომპანია.

ბოლო პერიოდში სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცთა მოწამვლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რომლებსაც პროკურატურა სწავლობს.

კომენტარები