საკანონმდებლო ცვლილება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება შევა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ კანონში ცვლილებები შევა.

მოქმედი კანონის თანახმად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნას არეგისტრირებს საქპატენტი. ახალი კანონპროექტის თანახმად კი, სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში რეგისტრაციას შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

"პროექტის თანახმად, ფართოვდება კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა წრე. კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს, რომელთა დაცვასაც განახორციელებს შემოსავლების სამსახური, დაემატება "დიზაინი"; დგინდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებულ პროდუქციაზე სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა და საქონლის შეჩერების საფუძვლიანობის მტკიცების შესაძლებლობა როგორც უფლების მფლობელს, ისე საქონლის იმპორტიორს(ექპორტიორს) ექნებათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტით განისაზღვრა ვალდებულება შეჩერებული საქონლის შენახვის ხარჯზე. 

კანონპროექტით ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია გათვალისწინებული, რომლებიც გამოწვეულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებით.

კომენტარები