კათოლიკე ეკლესია

პაპ ფრანცისკეს იტალიური მაფია ემუქრება

პაპი ფრანცისკე
პაპი ფრანცისკე / mashable.com

მაფიასთან მებრძოლი ცნობილი იტალიელი პროკურორი მიიჩნევს, რომ პაპი ფრანცისკეს უსაფრთხოება რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს იტალიური მაფიის ყველაზე გავლენიანმა, მყარმა და პოლიციისთვის შეუღწევადმა დაჯგუფება ნდრანგეტამ. აღნიშნული ორგანიზაცია 90-იანი წლებიდან მოყოლებული იტალიის ყველაზე ძლიერი კრიმინალური სინდიკატია ფულის გათეთრებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. ის თანამშრომლობს სიცილიურ მაფიასთან, თუმცა მოქმედებს დამოუკიდებლად. 

55 წლის პროკურორი, ნიკოლა გრატერი WashingtonPost-თან ინტერვიუში ამბობს, რომ პაპი ფრანცისკეს რეფორმები კათოლიკე ეკლესიაში, ხელს უშლის იტალიურ მაფიას გაათეთროს ფული და დადოს კორუფციული გარიგებები. მისივე თქმით, მაფია სამხრეთ იტალიაში ფულს საეკლესიო იერარქთა ნაწილის დახმარებით ათეთრებდა, ფრანცისკეს მოსვლის შემდეგ კი ეკონომიკური ვერტიკალი ჩამოიშალა და ის შეუღწევადი გახდა სხვადასხვა იტალიური დანაშაულებრივი ჯგუფისთვის.

პაპმა ფრანცისკემ მოსვლის დღიდან ვატიკანისა და კათოლიკე ეკლესიის ეკონომიკური რეფორმა დაისახა მიზნად. ის აქტიურად, ყოველ ქადაგებაში უპირისპირდება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულსა და მაფიას. ფრანცისკეს მიერ დაარსებული ე.წ „კარდინალთა დიდი რვიანი" ეკლესიას კოლეგიალური მართველობის სტილისკენ აბრუნებს, რაც ცენტრალიზებული ვატიკანისა და პონტიფექსის ქვეშ ორგანიზებული იერარქიის რღვევას უწყობს ხელს. აღნიშნული კოლეგიის მიერ ვატიკანის ბანკის რეფორმა ტარდება, რამაც საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე ბანკს ევროპაში, რეპუტაცია უნდა აღუდგინოს.

გამომდინარე იქიდან, რომ პაპი ფრანცისკე თითქმის არ იცავს უსაფრთხოების წესებს, შედის მასებში და ზოგჯერ გადაადგილდება დიდწილად დაუცველი ავტომანქანით, ექსპერტების აზრით ის ადვილი სამიზნეა გავლენიანი იტალიური მაფიისთვის. პაპს მოუწოდებენ უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, რადგან იტალიურ მაფიას პონტიფექსის მარჯვენა ხელზე მთხვევა მხოლოდ მაშინ მოსწონს, როცა მისი მარცხენა მათ ეხმარებათ.

კომენტარები