ტერაქტზე ხურჩაში გოგოხიას განცხადება

გოგოხია: ნაცვლიშვილი და ალასანია ტერაქტზე ცრუ ჩვენების მიცემას მთხოვდნენ

smo.ge

ჟურნალისტი ემა გოგოხია თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს და ორ მაღალჩინოსანს - კახა ჩიხრაძესა და გელა კვანტალიანს ზეწოლაში ადანაშაულებს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ემა გოგოხიამ განაცხადა, მასზე აღნიშნულმა პირებმა ზეწოლა განახორციელეს, ისინი მისგან ითხოვდნენ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ 2008 წლის 21 მაისს, ხურჩაში ტერაქტი მოაწყვეს არა აფხაზებმა, არამედ ქართველებმა.

"მე შევეცდები მაქსიმალურად ზუსტად გადმოვცე ლაშა ნაცვლიშვილის სიტყვები: "ემა, შენ ეს ფაქტი "გაგვიპრავე". შენ ხარ ჟურნალისტი, აქტიურად აშუქებდი რუსების თემას და ბოლო დროის ყველა მოვლენას. ამიტომ სანდოობა საზოგადოების იქნება მაღალი, ასევე საქმისთვის თქვენი ჩვენება იქნება სარწმუნო, დამაჯერებელი, ეფექტიანი", - განაცხადა ჟურნალისტმა.

"ასევე შევეცდები გავიმეორო ალასანიას სიტყვები", - განცხადა გოგოხიამ: "ემა, შენ იმ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ირბინე, სათანადოდ არასდროს დაფასებულხარ. დღეს ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს, დაგვიდექი ამ საქმის გახსნაში თქვენი აღიარებითი ჩვენებით გვერდით, გაგიშვებთ რუსეთში, გექნება ბიზნესი, იქნები უზრუნველყოფილი და ჩამოგიყვანთ თანამდებობაზე".

ემა გოგოხიას განცხადებით, მასთან საუბარი თბილისში, ერთ-ერთ ბინაში მოხდა. საქმის ერთ-ერთი მოწმე კი მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.

ჯერჯერობით გოგოხია თავს იკავებს ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებებზე საუბრისგან. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ყველაფერს სასამართლოზე იტყვის და სიმართლესაც დაამტკიცებს. 

ემა გოგოხიას ინფორმაციით, კახა ჩიხრაძე, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის თანამშრომელია, ხოლო გელა კვანტალიანი, სავარაუდოდ, კონტრდაზვერვის. 

ურჩაში 21 მაისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავა. 

კომენტარები