საქართველოს იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: არ უნდა მივდიოდეთ იმ ქვეყნისკენ, სადაც ადამიანები ქუჩაში ცხოვრობენ

თეა წულუკიანი

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დასანანი უწოდა იდენტობის მიერ თავშესაფრის იდეის განხორციელების გადადებას, მას შემდეგ რაც საქართველოს საპატრიარქო საქველმოქმედო ინიციატივას დაუპირისპირდა.

"მე ვთვლი, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში არ უნდა არსებობდნენ გარიყული ადამიანები. როდესაც ადამიანების ჯგუფი არის გარიყული, არ ჰყავთ მათ ოჯახი, ან ოჯახმა მათზე თქვა უარი, ამ ადამიანებს სჭირდებათ თავზე ჭერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა მივდიოდეთ იმ ქვეყნისკენ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ქუჩაში, სადაც ადამიანები არიან ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ნებისმიერი თავშესაფრის იდეა, მათ შორის, ამ თავშესაფრის იდეა არის ჰუმანისტური და დასანანია, რომ ამის რეალიზება დროებით გადაიდო", - განაცხადა თეა წულუკიანმა ექსპო ჯორჯიაში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის, იდენტობის მიერ თავშესაფრის ორგანიზების მცდელობას საქართველოს საპატრიარქო დაუპირისპირდა. განცხადების შემდეგ, 17 მაისის მოვლენების გათვალისწინებით, ძალადობის საფრთხის პირისპირ, იდენტობამ გადადო უსახლკაროთათვის ჭერის მიცემა.

კომენტარები