საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჟურნალისტური კორუფცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე

Image removed.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინო დანელიამ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამაზ ტყემალაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიგინეიშვილს მიმართავს. წერილში საუბარია გადაცემაზე "ლიხს იქით და ლიხს აქეთ" და ამ გადაცემისთვის მასალების მომზადებასა და რესპონდენტების შერჩევაზე.

ტყემალაძე მუნიციპალიტეტს გადამღები ჯგუფის ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვას სთხოვს, ასევე უთანხმებს საქართველოს რეგიონების შესახებ გადაცემების ციკლის შინაარსს და თემებს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიგინეიშვილს სთხოვს ვითარების შესახებ საქმის კურსში ამყოფოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ტყემალაძე მუნიციპალიტეტს სთავაზობს შეარჩიოს რესპონდენტები, მათ შორის, "კარგი მოსაუბრე, დამსახურებული, აღიარებული ავტორიტეტები" და "საეკლესიო ინტელიგენცია". ტყემალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილზე თანდართული კითხვარის შევსებასაც სთხოვს. მისი თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ლანჩხუთის რაიონი "საუცხოოდ წარმოჩინდება" და "წარსდგება მილიონიანი მაყურებლის წინაშე".

კომენტარები