ბიძინა ივანიშვილი

ყეენი და ნაცები

0 კომენტარი

„შენი ძალა შენსავე ოსტატურ გამონათქვამებში
უნდა იყოს... შენი ენა შენსავ მახვილად
აქციოო უნდა, უთქვამთ ბრძენებსა".

ფარაონის მრჩეველი,
გ. დოჩანაშვილის პერსონაჟი

საქართველოს პრემიერმინისტრის თითოეული ვრცელი გამოსვლა – ლინგვისტური ყეენობაა, სადაც ყეენის როლს ენა ასრულებს. არაპროფესიონალი მსმენელისათვის ეს არის ჩვეულებრივი სანახაობა, „დასაფრებული" ფილოლოგისთვის კი – ერთგვარი რიტუალი, რომელშიც ენა-ყეენი უჩვეულოდ და შეუფერებლად აღკაზმეს, თან ძალაუფლებით შემოსეს (პრემიერის სიტყვაა, ბოლო ბოლო) და თან ამასხარავებენ.

ორი წლის წინათ, მზის სინათლეზე ივანიშვილის პირველი საჯარო მუსაიფის შემდეგ, ყოველი მომდევნო გამოსვლა, ვვარაუდობ, საქართველოში ზრდიდა გრამარ ნაცების რაოდენობას. გრამარ ნაცი (Grammar nazi) ის ადამიანია, რომელსაც წერით ან ზეპირ მეტყველებაში შემჩნეული გრამატიკული, ორთოგრაფიული თუ სხვა რიგის შეცდომა პირწმინდად აკარგვინებს უნარს, აღიქვას ტექსტის აზრი. მთელ ყურადღებას და ძალისხმევას გრამარ ნაცი (იგივ „გრამატიკული ნაცისტი") მიმართავს შეცდომაზე, ამხელს მას, დაუსრულებლად განიხილავს, ზოგჯერ არ იშურებს მკვეთრ და უტაქტო გამონათქვამებს. ამასობაში კი, როგორც ვთქვით, ხელიდან უსხლტება მთავარი – საზრისი. ცხადია, გრამარ ნაცებს შორის იპოვებიან ისინი, ვისაც პრემიერი გულზე არ ეხატება. მათ ისედაც ნაცებს ეძახიან პარტიული კუთვნილების გაუთვალისწინებლად და ყოველგვარი გრამატიკის გარეშე.

ქართული კულტურა იცნობს ენის უდიდეს რეფორმატორებს – მაგალითად, იოანე პეტრიწს, ილია ჭავჭავაძეს – რომელთაც განავითარეს ენა, შექმნეს სიტყვები, ტერმინები, მათი თანამედროვე ფილოსოფიისა და პუბლიცისტიკისთვის აუცილებელი სამეტყველო არსენალი. აღარაფერს ვამბობ ენაზე ინსტიტუციონალიზებული ზრუნვის შესახებ, რასაც მეოცე საუკუნეში მოჰყვა ქართული ენის თესაურუსის თავმოყრა და არაერთი სფეროსთვის განკუთვნილი ტერმინოლოგიის შემუშავება. მაგრამ ქართულ ენას ჰყავს უდიდესი დეფორმატორებიც: ისინი ენას არ ავითარებენ, მაგრამ ამდიდრებენ და აფართოებენ ენის შესაძლებლობებს. თუმცა, ეს სიმდიდრე უპირატესად მათ კერძო კოლექციაში რჩება. ენის დეფორმაციის დიდოსტატია ეპიგრაფში მოხსენიებული გურამ დოჩანაშვილი, რომლის მიგნებული ან შექმნილი სიტყვების გამოყენებას ლამის მუდამ ახლავს გამოთქმული თუ ნაგულისხმევი დამოწმება ავტორისა.

ბიძინა ივანიშვილის მეტყველებას გრამარნაცისტურად ჩაკირკიტებული მოქალაქეები არა მხოლოდ ვერ წვდებიან მისი ნაუბრის შრეებს, არამედ გამორჩებათ ღვაწლი პრემიერისა. მისი აღმატებულების წვლილი ქართულ ენაში სწორედ დეფორმაციის ახალ საფეხურზე აყვანაა. პროცესი ჩვენ თვალწინ მიდის, მჩქეფარეა და ცინცხალი, შედეგად ენას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებების კვალი, რისი ხილვა თუ სმენა გულგრილს არავის ტოვებს. ამ სტიქიური სიტყვათქმნადობისა და სინტაქსის იავარქმნის დროს თავად პრემიერი წამოისვრის სიტყვას, რომელსაც, ვგონებ, უწერია შეითავსოს როგორც მშობლიური ენისადმი ივანიშვილის დამოკიდებულების აღწერა, ისე სხვა, ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებულ ქცევათა გაგებაც. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ მომხდარა. თქვენ სწორად მიხვდით – ლაპარაკია მიჯირყვნაზე.

მიჯირყვნასთან მიმართებით, მიმაჩნია, სრულიად უადგილო იყო ფილოსოფოსისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, გ. მარგველაშვილის მოხმობა სწორედ ავტორიტეტული გრამატიკული ნაცისტის როლში ნაგვიანევი ფონეტიკური კორექციისა (ჯირყვნა კი არა, ჭირხნა თქვაო) და ამ მტვერგადაყრილი სიტყვის განმარტებისათვის. ჯერ ერთი, სახალხოდ მთქმელი სრულიად გარკვევით წარმოთქვამს „მიჯირყვნას" და ტექნიკური ტერმინოლოგიიდან (პრემიერი ხომ ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელია, გეპეი აქვს დამთავრებული) სიტყვის შემოჩეჩება აშკარა ტყუილია. არა, შეიძლება ყრუთა გამჟღერება და გამკვეთრება (თანხმოვნებს ვგულისხმობ, მეტაფორა არ გეგონოთ) „ჭირხნით" იყო შთაგონებული (ჭ–>ჯ, ხ–>ყ), მაგრამ პრემიერი, სჯობს, დაეხსნას თავის მართლების ცდებს და ახალი სიტყვის მამობა აღიაროს. სიცილი, რომელსაც თვეებია აგებებენ „მიჯირყვნას", არამც და არამც არ არის ირონიული და, მით უმეტეს, ცინიკური: ეს სიცილი შეიძლება შეედაროს სიხარულით გაჯერებულ რეაქციას, რასაც ჩვილის დანახვა იწვევს. სწორედ ასეთი ჩვილია ქართული ენისთვის „მიჯირყვნა", რომელსაც ყველა თავს ევლება, რაღაცნაირად ესიყვარულება, ცდილობს სახელი შეურჩიოს (ანუ ზუსტი მნიშვნელობა მიანიჭოს), მაგრამ არაფერი გამოსდით: იდენტიფიცირებული მშობელი უარზეა, აღიაროს იგი. კაცმა არ იცის, რომელი იყო ბიძინა ივანიშვილის ლექსიკური პირმშო, რა თქვა მან პირველად ისეთი, რაც ენის კანონთა ნორმებს ცდებოდა და მის სამეტყველო მარაგში კი მყარი ადგილი დაიკავა. მიჯირყვნა – პრემიერის უმაღლესი ტექნიკური განათლებისა და ფუნდამენტური ზოგადი გაუნათლებლობის ეგ უიღბლო ნაბუშარი წევს და დღემდე ელის თავის ბედს – სემანტიკას, რომელიც მზადაა გამოხატოს ორი საყრდენი, ძარღვიანი ქართული ფონემის დახმარებით.

ზემოთ სინტაქსის მოშლა ვახსენეთ. პრემიერს დიაღაც შესწევს ძალი ჯეროვანი პასუხი გასცეს კრიტიკას ეკონომიკის მოშლის შესახებ, მაგრამ სიტყვათა შეკავშირებას, მათი ფორმებისა და მნიშვნელობების შეხლა-შეხვედრას რაც ეხება – აქ შეუძლია, უბრალოდ, იამაყოს თავისი „დეკონსტრუქტივისტული" პოტენციალით. ყოველგვარ აღწერას ციტირება სჯობს:

• არჩევანი გავაკეთეთ არა იქედან, რასაც საჭიროებს საზოგადოება ზოგადად.
• ძალიან რთული შთამომავლობა მიიღეს (იგულისხმება მემკვიდრეობა).
• უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, რამეთუ აქედან (იგულისხმება ვიდრე).
• ტყუილად ნუ ვარდები შარვლიდან.
• გადაცდომაში არ შევალ.
• ჩვენს გენებში არის ძალიან გრძელი სისხლი და ა.შ.

...ფრანგი მწერალი, რაიმონ კენო ავტორია „სტილის სავარჯიშოებისა", სადაც ერთსა და იმავე ისტორიას ჰყვება 99-ჯერ, 99 სხვადასხვა ლიტერატურული სტილით, ჟანრით, სამეცნიერო, პროფესიული თუ სალაპარაკო ჟარგონით. ტექსტის მიწურულს გთავაზობთ ერთ ასეთ სავარჯიშოს, ასევე ფრანგი ბიძინა ივანიშვილის შესრულებით. თქვენი ამოცანაა, გაიგოთ და თქვენს ენაზე დაწეროთ წინამდებარე აბზაცი თუნდაც ერთხელ. მეც შევეცდები.
ბიძინა ივანიშვილი:

„პირველი ორი წელიწადი პოლიტიკანობა იქნებოდა ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბარი, რამეთუ ჩვენ რეალურ შედეგს ჩვენი რეფორმირებით და ჩვენი გადალაგებით ეკონომიკის, ძალიან რთული გასათვლელია, რას მივიღებთ და როგორ მივიღებთ, შეიძლება რაღაც ეტაპზე კიდეც დააზიანოს და რაღაც შეფერხებებიც გამოიწვიოს ამან, მაგრამ არა პოლიტიკანობით დავკავდეთ ჩვენ და პირველსავე წელიწადს გავაოცოთ პროგნოზებით და პროცენტებით, არამედ ჯანსაღი, სწორი ფუნდამენტი ჩავუყაროთ ეკონომიკას და წლებში მივცეთ მას აღორძინების საშუალება".

დავით პაიჭაძე:

„მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე სერიოზული პოლიტიკოსი არ გააკეთებს ეკონომიკურ პროგნოზს. ეკონომიკა გადაწყობას, რეფორმირებას საჭიროებს. ჩვენ ამგვარად ვესწრაფით რეალურ შედეგს. ასეთ დროს ძნელად თუ გათვლი, როდის რას მიიღებ. ამ გზაზე შეიძლება შეფერხდე, რაიმეს ავნო კიდეც, მაგრამ ეს გვირჩევნია პოლიტიკანობას და გასაოცარი პროცენტებით პროგნოზების კეთებას. ჩვენ ჯანსაღ საფუძველს ჩავუყრით ეკონომიკას და ასე ავაღორძინებთ მას".
გისურვებთ წარმატებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები