მეცნიერება

ვანო კიღურაძე მთავრობას: თქვენ აგრძელებთ ლომაიასა და შაშკინის გზას

parliament.ge

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე საქართველოს მთავრობას განათლების ყოფილი მინისტრების - ალექსანდრე ლომაიას და დიმიტრი შაშკინის გზის გაგრძელებაში ადანაშაულებს. დეპუტატმა მთავრობა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო 2014 წლის საბიუჯეტო პროექტში სამეცნიერო სექტორისთვის განსაზღვრული დაფინანსების გამო გააკრიტიკა. როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თქვა, მეცნიერების დაფინანსება ორ მილიონ ლარზე მეტით შემცირდა.

"ფინანსთა მინისტრმა გუშინ განაცხადა და განმარტებით ბარათში წერია, რომ თითქოს მეცნიერების დაფინანსება 2 მილიონზე მეტი ლარით იზრდება. ეს ასეც რომ იყოს, არასაკმარისია, მაგრამ სამწუხაროდ, სინამდვილეში, მეცნიერების დაფინანსება 2 მილიონზე მეტი ლარით შემცირდა. ასეთი დასკვნა თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამომაქვს. მიმდინარე წელს, მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი იყო 35 მილიონ 732 ათასი ლარი. გარდა ამისა, უნივერსიტეტების ხელშესაწყობად 10 მილიონზე მეტი ლარი იყო გამოყოფილი და აქედან, 5 მილიონი უნივერსიტეტებში გაერთიანებული კვლევითი დაწესებულებების სუბსიდირებისათვის განისაზღვრა. ჯამში 40 მილიონ 720 ათასი ლარი გამოდიოდა. ახლა დღევანდელს თუ შევადარებთ - 38 მილიონ 425 ათასს ლარს, გამოდის რომ, ორ მილიონ ლარზე მეტი უკვალოდ გაქრა. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია და უნდა ვთქვა ძალიან მკაცრი ფორმით, რადგან თუ მკაცრი ფორმით არ იტყვი და ადამიანს სულიერ კომფორტს არ დაურღვევ, როგორც ჩანს, თავს არ შეიწუხებს - თქვენ აგრძელებთ ლომაიასა და შაშკინის გზას. აქ რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, თორემ სხვანაირად არაფერი არ გამოვა", - განაცხადა კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მთავრობას მოუწოდა, ბიუჯეტის შედგენისას იხელმძღვანელოს არა წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებული პრინციპებით, არამედ ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. კიღურაძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების ის პრინციპები, რასაც ხელისუფლება ქვეყანას სთავაზობს, საბჭოთა კავშირშიც არ ყოფილა და მსგავს პრინციპებს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში და მსგავს ქვეყნებში თუ შევხვდებით.

"გუშინ ითქვა, რომ 38 მილიონი ლარი გამოყოფილია მხოლოდ განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალი მეცნიერებისათვის. ამაში თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე მეცნიერები იგულისხმება. თავდაცვის სამინისტროს სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშესაწყობად გამოყოფილი არის 44 მილიონზე მეტი ლარი. თუ შევადარებთ ამას მთლიანად მეცნიერებას, სამეცნიერო კვლევებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, უმაღლეს სასწავლებელებს, რაც განსაზღვრავს ჩვენს სამეცნიერო მომავალს და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მომავალს და შეადარებთ სამხედრო უწყებაში მიმავალ თანხას, გამოდის, რომ 50%-ზე მეტი სამხედრო სფეროს მეცნიერებისკენ არის მიმართული. ეს ასე არ შეიძლება, ასეთი რამ საბჭოთა კავშირშიც კი არ ყოფილა, ასეთი რამ შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეაში და მსგავს სახელმწიფოებში. მესმის, რომ ეს მემკვიდრეობად მიიღეთ წინა ხელისუფლებისაგან, მაგრამ მიდგომა უნდა შეიცვალოს", - თქვა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა - მეცნიერებისთვის გამოყოფილი იყოს მშპ-ის 2%.

"ყველა ქვეყანა ამას ვერ ახერხებს. ბუნებრივია, რომ საქართველოში ამის უცბად მოთხოვნა და განხორციელება ვერ მოხერხდება და ეს ქართველ მეცნიერებს ესმით. მაგრამ არ შეიძლება, რომ მათი მოთმინებით ასე ვისარგებლოთ", - აღნიშნა კიღურაძემ და ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიმართა.

"ბატონო ნოდარ, თსუ-ის სისტემაში გაერთიანებულია 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მუშაობს 913 მეცნიერი და მათი ანაზღაურება არის 200 ლარი. ბოლო ერთი წლის მანძილზე, სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები