ფარცხალაძის ქონება

მომავალ პროკურორს კორუფციაში ადანაშაულებენ

www.netgazeti.ge

საქართველოს მომავალმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ თბილისში, ვერაზე 150 კვადრატული მეტრი ფართის სამოთახიანი ბინა შეიძინა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილისთვის გაუგებარია როგორ მოახერხა ოთარ ფარცხალაძემ ქონებრივ დეკლარაციაში აღწერილი 45 ათასიანი ვალის მოკლე ვადაში გასტუმრება და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ერთერთ პრესტიჟულ უბანში ძვირადღირებული ბინის შეძენა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე საჯარო რეესტრის ის ამონაწერი წარმოადგინა, რომელშიც ფარცხალაძის მიერ თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე შეძენილი ახალი ბინა არის დაფიქსირებული. რეესტრის მონაცემებით, ბინაზე გირავნობა არ არსებობს. ნადირაშვილის თქმით, გაურკვეველია თუ როგორ მოახერხა კვადრატულის 600 დოლარად შეძენა ფარცხალაძემ, მაშინ როდესაც  ქალაქის აღნიშნულ უბანში ფასი კვადრატულზე 1300 დოლარიდან იწყება. 

ამასთან დაკავშირებით, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ დოლიძემ, პრესასთან საუბარში დაადასტურა, რომ ბინა იპოთეკით დატვირთული არ არის. მისი თქმით აღნიშნულისთვის ხელშეკრულებაში ერთვიანი ვადაა გათვალისწინებული.

"რაც შეეხება უძრავი ქონების დატვირთვას, ხელშეკრულებაში არის ერთთვიანი ვადა და ეს ქონება აუცილებლად დაიტვირთება იპოთეკით", - განაცხადა დოლიძემ. მან ასევე დასძინა, რომ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საგანია და სცდება საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციას.  

ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც უპასუხეს. ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ დოლიძემ, ფარცხალაძის მიერ სესხის აღება დაადასტურა და განაცხადა, რომ ფარცხალაძე აღებულ კრედიტს უპრობლემოდ დაფარავს

"კრედიტი გაფორმებულია სრული საბანკო პროცედურის დაცვით, კრედიტი არის 10 წლიანი და ამ 10 წლის განმავლობაში ბათონი ოთარი დაფარავს, რა თქმა უნდა, ბანკის დავალიანებას... საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს  გამოტანილი აქვს საბანკო კრედიტები და ამაში ვერაფერს უცნაურს მე ვერ ვხედავ", - განაცხადა დოლიძემ. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ყოფნის პერიოდში ოთარ ფარცხალაძე თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვეძისის უბანში 76 კვ.მ-ის ფართის ბინას და Toyota-ს მარკის მსუბუქ ავტომანქანას ფლობდა. 2013 წლის ივნისში წარდგენილ დეკლარაციაში ფარცხალაძის ოჯახის სხვა წევრების შემოსავლის წყარო აღნიშნული არაა. დოკუმენტის მიხედვით, მომავალ პროკურორს და მის მეუღლეს კრედიტის სახით საბანკო ანგარიშზე 36 882 ლარი აქვთ აღებული.

ახლადშეძენილ ბინაზე საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან კომენტარი გააკეთა ოთარ ფარცხალაძემ. მომავალი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ბინა იმ კრედიტით შეიძინა, რომელიც 5 ნოემბერს პროგრესბანკში აიღო.

ბანკის, საიდანაც ფარცხალაძემ სესხი აიღო, 78.21 %-ის მფლობელი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალია“ , რომლის ბენეფიციარი მფლობელი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეა. ბანკის 21.71% კი საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბინა რომელიც ფარცხალაძემ, მისივე თქმით სესხით შეიძინა, იპოთეკით დატვირთული არ არის. პროგრესბანკის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკის მიერ ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც იპოთეკას არ მოიცავს, 100 ათასი ლარია და ის მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა. 10 წლიან სესხებს კი ბანკი იპოთეკის გარეშე არ გასცემს. 

დღის ბოლოს ტაბულამ პროგრესბანკისგან კითხვებზე ოფიციალური პასუხებიც მიიღო. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ცნობით, პროგრესბანკი სამომხმარებლო სესხებს გასცემს 5 წლამდე ვადით, თუმცა კომიტეტმა შეიძლება დაუშვას გამონაკლისი. იპოთეკური სესხები გაიცემა 10 წლამდე ვადითაც უძრავი ქონების შეძენა, გარემონტება, მშენებლობის მიზნით და სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 100 000 ლარს, ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში, იპოთეკური სესხის შემთხვევაში კი მაქსიმალური თანხა არ არის განსაზღვრული.

საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" მე-5 მუხლი ამბობს, რომ:

1. ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს.

2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

3. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.

ამ კანონის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების შესაბამისად. 

კომენტარები