NATO-საქართველოს ურთიერთობა

რასმუსენი: საქართველოს განვითარებაში სააკაშვილის წვლილი მნიშვნელოვანია

საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯებში სააკაშვილის წვლილი მნიშვნელოვანია - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სააკაშვილისთვის მიწერილ წერილში წერს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის წერილი, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე გავრცელდა.  

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც გასული წლების განმავლობაში გვქონდა. 

დიდად ვაფასებ თქვენს წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული პარტნიორი გახდა მისი რეფორმებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში შეიტანეთ. ნება მომეცით, ალიანსის მოკავშირეთა სახელით, გამოვხატო მადლიერება და ღრმა პატივისცემა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველომ გასწია, როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. 

NATO-საქართველოს ურთიერთობა არსებითად გაფართოვდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც სურს NATO-ს წევრობა და თქვენს ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განხორციელების მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ისე ყოველწლიური ეროვნულ პროგრამების მიმართულებით. თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი მთელ რიგ საკვანძო საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი ხალხის მისწრაფებების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში. 

 

კომენტარები