ვარდების რევოლუცია

საინიციატივო ჯგუფი ვარდების რევოლუციის 10 წლისთავის აღნიშვნას აპირებს

euobserver.com

მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რიყის პარკში, ვარდების რევოლუციის 10 წლისთავის აღნიშვნას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა მალხაზ ფიროსმანიშვილმა და ვახო ბაბუნაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
მალხაზ ფიროსმანიშვილის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფში შედიან მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია - "პროპატრია" "პროფესიონალთა კლუბი", "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის". 23 ნოემბრის აღსანიშნავად საინიციატივო ჯგუფი ყვავილების, ნახატებისა და ფოტოგამოფენის ორგანიზებას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია სხვა სამოქალაქო აქტივობებიც; ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.

"მიგვაჩნია, რომ ვარდების რევოლუცია, როგორც ისტორიული მოვლენა, იმსახურებს, რომ ეს თარიღი ყოველთვის აღინიშნებოდეს. ეს არის საერთო სახალხო მოვლენა. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, ის ხალხს ეკუთვნის. ჩვენ მივმართეთ იმ მუსიკოსებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ 2003 წელს ვარდების რევოლუციის მომზადებასა და განვითარებაში. ის მუსიკოსები, ვინც თვლიან, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა საჭიროა და აუცილებელი, როგორც სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება, კონცერტს გამართავენ", -განაცხადა ფიროსმანიშვილმა.

ვახო ბაბუნაშვილის თქმით კი, ჯერ არ არის ცნობილი, ღონისძიებაში მონაწილეობას ვინ მიიღებს. 

"სია ჯერ არ არის ცნობილი. მას, ვინც თვლის, რომ ეს მართლა დადებითი მოვლენა იყო უახლოეს ისტორიაში, სიამოვნებით მივიღებთ. ეს არ იქნება დიდი და გრანდიოზული კონცერტი. ეს იქნება ჩვენი გამოხატულება ამ თარიღისადმი", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ღონისძიების ფინანსურ მხარეს თავად უზრუნველყოფენ. ისინი ჯერჯერობით პირად სახსრებს გამოიყენებენ. ასევე, აპირებენ ბანკში ანგარიშის გახსნას, სადაც შემოწირულებების მიღება შეეძლებათ.

კომენტარები