სტალინი

სტალინის კულტი საქართველოში

2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, საქართველოში სტალინის ძეგლების აღმართვა დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში დადგეს ძეგლი სოფელ ზემო ალვანში, დეკემბერში სოფელ აკურაში, ხოლო 2013 წლის პირველ სექტემბერს – თელავში. თელავის მუნიციპალიტეტმა მალევე განაცხადა, რომ მოხდებოდა ძეგლის დემონტაჟი, თუმცა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის (ოქტომბრის შუა რიცხვები) ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა და გაურკვეველია, მოხდება თუ არა საერთოდ. ჯამში, თელავის გარდა, სტალინის ძეგლები ამჟამად დგას სოფლებში: აკურა, ვანთა, ზემო ალვანი, კიკეთი და წინანდალი. ასევე არსებობს გეგმა, ძეგლი ისევ დაიდგას გორშიც, სტალინის მუზეუმის ეზოში.

ამ პროცესს თან ახლავს ხელისუფლების მხრიდან სტალინის კულტის მიმართ გაუგებარი დამოკიდებულება. ეს სხვადასხვა რამეში გამოიხატება. 2012 წლის აპრილში კულტურის სამინისტრომ განაცხადა სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთების პროექტის შესახებ. ეს რომ განხორციელებულიყო, ხსენებული დაწესებულება სტალინის პიროვნების კულტის ნარჩენისგან გადაიქცეოდა ისტორიულ მუზეუმად, რომელიც მიეძღვნებოდა სტალინიზმს, როგორც მოვლენას და მის შედეგად განხორციელებულ რეპრესიებს. თუმცა ამჟამად ამაზე საუბარი აღარაა. ხოლო გიორგი მარგველაშვილის აზრით – „სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედართმთავარს". ამის გარდა, ფაქტია, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით არ ეწინააღმდეგება სტალინის ძეგლების აღმართვას.

სტალინის ძეგლი საქართველოში – იგივეა, რაც ჰიტლერის ძეგლი პოლონეთში. ჰიტლერი ქმნიდა ტოტალიტარულ იმპერიას გერმანიისთვის, ხოლო სტალინი იმავეს ქმნიდა რუსეთისთვის. ამ იმპერიის შექმნის პროცესში ჰიტლერმა (სტალინის დახმარებით) გაანადგურა პოლონური სახელმწიფო 1939 წელს, სტალინმა კი თავის ბოლშევიკ კოლეგებთან ერთად გაანადგურა ქართული სახელმწიფო 1921 წელს.

რუსეთის მოსახლეობას შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია სტალინთან და სხვა ბოლშევიკებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შექმნეს ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო რეჟიმი, რომელმაც მოკლა და აწამა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი. საქართველოს ასევე აქვს ეს პრეტენზია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მას ემატება მეორეც: ის, რომ ბოლშევიკებმა, მათ შორის სტალინმა, წაართვეს საქართველოს დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა 70-წლიანი ოკუპაცია.

იმ ფაქტისადმი, რომ ამ ყველაფრის ჩამდენი იოსებ სტალინი ქართველი იყო, შესაძლებელია მხოლოდ ორი სახის დამოკიდებულება. ან ამას არ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან სტალინი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენდა რუსეთთან და არა საქართველოსთან, რისი გათვალისწინებითაც მის წარმომავლობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს; ან, თუ მას მაინც და მაინც როგორც ქართველს განვიხილავთ, სტალინი არის ჩვენი სირცხვილი – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაადამიანური რეჟიმის შემოქმედი და პიროვნება, რომელმაც უღალატა თავის მშობლიურ ქვეყანას და გამოიწვია მისი დამოუკიდებლობის მოსპობა.

The opening of the Stalin statue in the village of Akura. 2012.
ფოტო: Reuters
შესაბამისად, სტალინის მემკვიდრეობა სრულიად მიუღებელია როგორც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებიდან, ისევე ქართული პატრიოტიზმიდან გამომდინარე. ლოგიკურად, სტალინის ძეგლი საქართველოში უნდა იყოს მიუღებელი ყველა შეხედულების ადამიანისთვის, ნეობოლშევიკების გარდა. ამ საკითხზე უნდა თანხმდებოდეს მემარჯვენე თუ მემარცხენე ლიბერალიც, რელიგიური კონსერვატორიც, ნაციონალისტიც და დემოკრატი სოციალისტიც. უდავო და ყველასთვის ცნობილი ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით, სტალინის თაყვანისცემა არის სიგიჟე. ეს ასეა დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მაგრამ საქართველოში ეს ორმაგი სიგიჟეა.

თუმცა, საქართველოში სტალინის ძეგლების ბოლოდროინდელი აღმართვა და ზოგადად მისი კულტის ნარჩენები გვიჩვენებს, რომ ხსენებული სახეობის სიგიჟე ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული მოვლენაა. რატომაა ეს ასე?

ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ბოლშევიკებმა „კარგად იმუშავეს". ყველგან, სადაც მათ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, ჩაატარეს პატიოსანი, საზოგადოებრივად აქტიური, ნიჭიერი და თამამი ადამიანების სისტემური წმენდა. ასეთები უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურეს – უმეტესობა დახვრიტეს, დანარჩენები კი გულაგში გაგზავნეს. შემდეგ კი – 1950-იანი წლების ბოლოდან 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე – ბოლშევიკური რეჟიმი ასევე სისტემურად სპობდა ამ ტიპის ინდივიდებს, რომლებიც ჩნდებოდნენ ახალ თაობებში. ზოგს უშვებდნენ ციხეში, როგორც მერაბ კოსტავას, ზოგს საგიჟეთში, როგორც ვლადიმირ ბუკოვსკის. ყველაზე რბილ შემთხვევებში, „ზედმეტად აქტიურ" ადამიანებს, რომლებსაც არ სურდათ კომუნისტობა, უბრალოდ, უსპობდნენ კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.

1920-იან და 1930-იან წლებში განადგურებული ბუნებრივი ელიტის ნაცვლად, ბოლშევიკებმა „აღზარდეს" ფსევდოელიტა, რომელიც გამოირჩეოდა სულ სხვა თვისებებით – უპრინციპობით და პირადი მოგების სურვილით, რაც უბიძგებდა მათ, ჩამდგარიყვნენ ტოტალიტარული რეჟიმის სამსახურში. დღეს ჩვენ ამ სოციალურ კატეგორიას ვიცნობთ ნომენკლატურის და წითელი ინტელიგენციის სახელებით. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ ეს ფსევდოელიტა აყალიბებდა საქართველოში საზოგადოებრივ აზრს და ქართული სოციუმი დღემდე არ არის ბოლომდე გათავისუფლებული ინდივიდთა ამ კატეგორიის გავლენისგან. მით უმეტეს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილის ღირებულებები ჩამოყალიბდა 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე და მას შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეს ობიექტურად ბუნებრივი მოვლენაა და რომ არა ბოლშევიკური ოკუპაცია, ის არ იქნებოდა დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულად უარყოფით შედეგებთან. მაგრამ 1921-1991 წლებში მოხდა ის, რაც მოხდა და ამიტომ დღეს გვაქვს შესაბამისი რეალობა. ამ გარემოებათა ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ზოგისთვის საქართველოში მისაღებია სტალინის ძეგლებიც და მთლიანობაში სტალინის კულტიც.

მეორე მიზეზი უნდა იყოს საქართველოში ბოლომდე ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო იდენტობა. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ბოლომდე ვერ ვიჯერებთ, რომ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო. რომ ჩვენთვის კარგია ის, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყნის და, შესაბამისად, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას, ხოლო ცუდია ის, რაც ამას ვნებს. და რომ ისტორიული ფიგურები, რომლებმაც ეს ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება სრულიად მოსპეს, ვერ იქნებიან დაკავშირებული რაიმე პოზიტივთან. სახელმწიფო იდენტობის პრობლემა საქართველოში ასევე გამოწვეულია ჩვენი ქვეყნის ახალი და უახლესი ისტორიით.

ხსენებული მიზეზები შეიძლება იყოს საქართველოში სტალინის ძეგლების აღმართვის და ამ პიროვნების კულტის ახსნა, მაგრამ ვერანაირად ვერ იქნება ამის გამართლება. სტალინიზმი საქართველოში წარმოუდგენლად სამარცხვინო და მიუღებელი მოვლენაა. ამ საკითხის ერთი ასპექტია ის, თუ როგორ გამოიყურება სტალინის ძეგლების აღმართვა უცხოელების თვალში. ყველაზე მეტად ეს ეხება სწორედ იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოსადმი დამოკიდებულება განსაკუთრებით პოზიტიურია. პოლონელების, ესტონელების, ლატვიელების, ლიტველების, ფინელების თვალში სტალინი და მისი თაყვანისცემა ასოცირდება მტრებთან, რომლებმაც გაანადგურეს ან სცადეს გაენადგურებინათ ამ ქვეყნების თავისუფლება. აქამდე, ბევრი ადამიანი ჩამოთვლილ ქვეყნებში უყურებდა საქართველოს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანას, რაც იწვევდა ძლიერ სიმპათიას ჩვენ მიმართ. სტალინის ძეგლების აღმართვის შედეგად ჩვენი ეს პოზიტიური იმიჯი შეილახება.

მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას ნიშნავს სტალინის კულტის ნარჩენები ჩვენთვის – საქართველოს მოქალაქეებისთვის. სტალინის ძეგლი არ არის მხოლოდ ქანდაკება. ეს არის საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული სიმბოლო. სიმბოლოებს კი აქვს მნიშვნელობა. სტალინის ძეგლები შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვის მთლიანობაში და იმ ადამიანთა ხსოვნისადმი, რომლებიც იბრძოდნენ (სტალინის წინააღმდეგაც) საქართველოს თავისუფლებისთვის 1920-იან წლებში.

ამ ყველაფრის გარდა, სტალინის ძეგლების აღმართვა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონს – „თავისუფლების ქარტიას", რომლის მიხედვით, სახელმწიფო უნდა მუშაობდეს ქვეყანაში საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, მათ შორის, ძეგლების აღმოფხვრაზე.

ფაქტია, რომ სტალინის ძეგლების ხელახალი დადგმა დაიწყო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება მორალურად და სამართლებრივად ვალდებულია, ებრძოლოს ამ მოვლენას. ამის მიუხედავად, მთავრობა ჯერჯერობით იქცევა ისე, თითქოს სტალინის კულტის გამოვლინებების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდეს.

კომენტარები