ადგილობრივი არჩევნები

ბოკერია: ვემზადები მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის

Giga Bokeria
Tabula

მე ვემზადები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის იმ რელსებზე ქვეყნის შესანარჩუნებლად, რა რელსებზეც დღეს, მიუხედავად ზოგიერთი მცდელობისა და ხელისუფლების კატასტროფული პოლიტიკური შეცდომებისა, საერთო ჯამში, მაინც დგას საქართველო. ასე უპასუხა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, დაკავებას ხომ არ ელოდება.

გიგა ბოკერიას თქმით, პერსონალიების საკითხი არსებითი არ არის: "არსებითი არის, შეიცვლება თუ არა ის კონცეფცია, რომელიც არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის - დემოკრატიული თვალსაზრისით და, ჯამში, ჩვენი სუვერენიტეტისთვის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც - კონცეფცია, რომ დამარცხებული პოლიტიკური ძალა, იმიტომ რომ დამარცხდა, იქნას განადგურებული იმიტომ, რომ აწუხებს ახალ ხელისუფლებას".

ბოკერიამ პირადი მაგალითი მოიყვანა: "გულწრფელია ჩემთან მიმართებაში პრემიერი: როცა გაღიზიანდებოდა ხოლმე, პუბლიკაციით პრემიერი მაშინ იხსენებდა გამოძიებას ჩემი მისამართით. პირდაპირ უკავშირებს ხოლმე ამას, ამიტომ ჩემი რისკები გაიზრდება, თუკი რაიმენაირ ხმაურიან საერთაშორისო კრიტიკას ექნა ადგილი".

ბოკერიას შეფასებით, მისი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დიდი ხანი პოლიტიკურად ძლიერები იყვნენ: "ნებისმიერ სისტემაში, სადაც არ არის გამაწონასწორებლები სისტემის შიგნით ან გარეთ, ეს იწვევს უკონტროლობას". მისი თქმით, დღეს ამ შედეგის გამო საქართველოს ჰყავს ძლიერი ოპოზიცია, თუმცა, ამავდროულად, ერთი წელია არ წყდება მიზანმიმართული მცდელობა, რომ ეს ძლიერი მემკვიდრეობა მოისპოს.

ბოკერიას შეფასებით, მთავარი წარმატება იყო "თანამედროვე ქართული სამოქალაქო დემოკრატიული პროდასავლური სახელმწიფოს ფუნდამენტის ჩაყრა იმ ქაოსიდან, რაც იყო". ამას გარდა, ეს ყველაფერი დასრულდა ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული გადაცემით.

"დემოკრატიულია ქვეყანა, სადაც შეიძლება დამარცხდეს ხელისუფლება მშვიდობიანად. ჩვენდა სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც ეს შეიძლება მოხდეს და ასეთად ის უნდა დარჩეს", - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები