ქართული ოცნება

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი იქნება

radiotavisupleba.ge

ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრის რანგში ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს ბოლოჯერ შეხვდა. მან ქართული ოცნების ფრაქციის ახალი თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ვოლსკი წარადგინა. ვოლსკი ამ თანამდებობაზე ზაქარია ქუცნაშვილს შეცვლის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ფრაქციაში განახლების პროცესი მიმდინარეობს, რამაც საკადრო ცვლილებები გამოიწვია.

როგორც გია ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უახლოეს მომავალში ფრაქცია ქართული ოცნება, როგორც ქართული ოცნების პარტიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, „სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებისათვის".

მისივე ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. "ჩვენთან არ არის ისე, რომ ვინმეს თავისი პოზიციის გამოხატვა შეზღუდული ჰქონდეს. მოხარული ვარ, რომ როგორც ზაქრომ, ასევე ყველამ მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს ცნობილი გახდა საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირინა იმერლიშვილის შემცვლელის ვინაობაც. იმერლიშვილს გია კახიანი ჩაანაცვლებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიღებული და შეთანხმებული იქნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიას ეყოლება ახალი თავმჯდომარე, ახალი გენერალური მდივანი და განახლებული პოლიტსაბჭო.

"პარტიამ ყრილობის შემდეგ განახლებული ენერგიით უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა იგი გახდეს რეალურად გამარჯვებული პოლიტიკური ძალის სახე და იყოს ჭეშმარიტად მმართველი პარტია საქართველოში, შეიძინოს მეტი შესაძლებლობები და პოტენციალი რათა მხარში დაუდგეს მთავრობას, რომ ხელისუფლებამ განახორციელოს თავისი მიზნები, ამოცანები და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული ყველა წინასაარჩევნო ვალდებულება", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტიის ყრილობა 24 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები