გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

ნათელაშვილი: ძირს კოაბიტაცია და მის მიერ ნაშობი პლასტელინის კაცი

Shalva Natelashvili

ერთი მე ვარ იაპონიის პრეზიდენტი და მეორე მარგველაშვილია საქართველოს პრეზიდენტი - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

აქციაზე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა მიიტანეს საარჩევნო ოქმები, რომელიც მათი მტკიცებით ასახავს, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. ნათელაშვილის თქმით, ისინი არ ცნობენ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად.

"დღეს დაგვეკისრა ისტორიული მისია. აქ ვინც ვართ, ვიცავთ ერის ღირსებას ძალადობისგან, სიცრუისგან. დღეს ორი მთავარი ღონისძიება ტარდება კავკასიაში - ერთი არის ცრუ პრეზიდენტის ინაუგურაცია და მეორე ვართ ჩვენ, აქ შეკრებილი მამულიშვილები. ივანიშვილმა და სააკაშვილმა შვეს კოაბიტირებული პროდუქტი ხელის ბიჭის სახით, რომელიც ფიცს სდებს და ჰქონია, რომ საქართველოს პრეზიდენტია.  საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ის არ აურჩევიათ. მარგველაშვილი არის ცრუ და არ ვცნობთ მას პრეზიდენტად" - აცხადებს ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თანამოაზრეებთან ერთად პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე შესვლას შეეცდება. ნათელაშვილი და მისი მომხრეები რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტისკენ უკვე დაიძრნენ.
როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, შეეცდება შევიდეს პარლამენტის ეზოში, სადაც ინაუგურაციის პროცესი ცოტა ხანში დაიწყება. თუმცა არ დააკონკრეტა, რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ მათ პარლამენტის ეზოში შესვლის საშუალებას არ მისცემენ. 
შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს შეუერთდნენ მათ მსვლელობას. "ძირს სააკაშვილ-ივანიშვილის კოაბიტაცია და მათ მიერ ნაშობი პლასტელინის კაცი" - აღნიშნა ნათელაშვილმა.

კომენტარები