გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

მარგველაშვილი: საქართველოში ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა იწყება

საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით საქართველოში ახალი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს შენებას დავუდეთ საფუძველი - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარგველაშვილის თქმით ქართველი თავისი შეგნებით დასავლეთის ნაწილია, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლით კი ქართველმა ერმა ევროპელობა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციონალურ განზომილებაში გადაიყვანა.

საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის მანძილზე ახალი მთავრობის მიერ მიღწევებზეც ისაუბრა.

”ჩვენ არამხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები, ასევე მოვახერხეთ მაღალი სტანდარტების საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება” - განაცხადა მარგველაშვილმა.  

მარგველაშვილმა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად დევნილების დაბრუნება დაასახელა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ერთად, წარმატებული ქვეყნის აშენებისკენ მოუწოდა.

"აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება. ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში. მანამდე კი მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას"-განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის კონსტიტუციურ უფლებებს და იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების გარანტი.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვიქნები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების გარანტი. ამავდროულად, განუხრელად დავიცავ საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები