მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: საქართველო იყო "გულაგების" და საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანა

wikipedia.org

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის თქმით, წინა წლებში საქართველო "გულაგების" და საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანა იყო. გუშინდელი ქადაგებისას, მეუფე იაკობმა ქართველ ერს ახალი პრეზიდენტი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ "ახალი ხელისუფლება გაითვალისწინებს წინა წლების გამოცდილებას და აგვარიდებს ბევრ ისეთ რამეს, რაც ცუდ მოგონებად დარჩა და დარჩება ჩვენს ერს". მისი თქმით, ორი წლის წინ საზოგადოებაში აპათიური განწყობა იყო და იმედიც არ ჩანდა.

"ეს იყო  გულაგების და საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანა და კიდევ უფრო უარესი. ადამიანებს აშინებდნენ. ქუჩაში თუ მანქანებს არ იპარავდნენ, შეიძლება ადამიანი მოეპარათ და გაექროთ. რამდენი ადამიანი გაქრა ასე, რომ ვერც ცოცხალი უპოვნიათ და არც მკვდარი. ისინი ხომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს არ წაუყვანიათ, ეს ისევ ჩვენმა თანამემამულეებმა ჩაიდინეს ვიღაცეების დაკვეთით. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქართველ კაცს უჭირდა საქართველოში დარჩენა და ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ. დღეს უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ქართველია წასული საქართველოდან და და ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან გენოფონდს საფრთხე ადგება. თუ გავიხსენებთ ასი ათასობით სასჯელადადებულს და ათეულ ათასობით ციხეში მყოფ ადამიანს, რომლებსაც არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მე მზად ვარ დავაფიქსირო, ნებისმიერთან, სადაც უნდა იქ შევხვდები და ჩემს აზრს იქაც დავამტკიცებ, ღვთის წინაშეც არ მეშინია ამის თქმა, რომ ეს იყო შეგნებული გენოციდი. ის გაგდებული ხალხი ვისით უნდა ჩაენაცვლებინათ? და შეხედეთ, ქართველებს ყრი შენი ქვეყნიდან, დამსახურებულ ქართველებს, დღვანდელ პრემიერზე არ მაქვს საუბარი, ძალიან ბევრი დამსახურებული ქართველი იყო სხვაც, ართმევ და უცხოელებს, ზოგი ნამყოფიც რომ იყო შენს ქვეყანაში, ისე აძლევ მოქალაქეობას. უცხოელებით შეეცადნენ ის ნიში ამოევსოთ, რომელიც ქართველებს ასე გაათავისუფლებინეს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ადვილად, სულ რამდენიმე დღეში შეელივნენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, 20%-ის მტერზე გადაბარებას", - თქვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა გუშინდელი ქადაგებისას. მისი შეფასებით, 90-იან წლებშიც უფრო მედგრად დახვდა მტერს ქართველი კაცი და მაშინდელი ქართული ჯარი.

"მე მჯერა, რომ ქართული ჯარი ყოველთვის იქნება ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე, მთავარია, იყოს ხელისუფლის ნება. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, მაგრამ შემოსულ მტერს ასე სამარცხვინოდ კაპიტულაციას არ გამოვუცხადებთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კომენტარები