სოფლის მეურნეობა

ISET: სომხეთი უფრო აგროპროდუქტიულია, ვიდრე საქართველო

საქართველო აღმოჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დაახლოებით ორი ათწლეულის შემდეგაც კი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა თავის პირვანდელ, 1992 წლის მაჩვენებელს, ვერ დაუბრუნდა, მაშინ როცა ამავე პერიოდში მეზობელ სომხეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებელი თითქმის სრული 200%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ISET-ის ფაკულტეტის წევრი ადამ პელილო თავის სტატიაში  - სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის თავსატეხი საქართველოსა და სომხეთში - წერს.

პელილო სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს და აჩვენებს, რომ 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს აგროპროდუქტიულობა 1992 წლის დონის მხოლოდ 77%-ს შეადგენდა. "მიუხედავად იმისა, რომ სხვა დანარჩენი რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა სულ მცირე ადრინდელ (1992 წ.) ნიშნულამდე მაინც გაუმჯობესდა, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მათგან განსხვავებით ვერ შეძლო საწყისი მდგომარეობის აღდგენა", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორს აინტერესებს, რატომ ხდება ასე და  რატომ გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებელი მეზობელ სომხეთში თითქმის სრული 200%-ით და 1992 წლიდან მოყოლებული რატომ შემცირდა იგი საქართველოში?

ISET-ის სხვა მკვევრები ერიკ ლივნი და ლაშა ლაბაძე ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას სტატისტიკური მონაცემების ანალიზის გზით შეეცადნენ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემებიც სომხეთის მაღალ აგროპროდუქტიულობაზე მიუთითებენ: საქსტატის 2011 წლის ინტეგრირებული შინამეურნეობების კვლევის მონაცემების მიხედვით, ერთ შინამეურნეობაზე ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავლის (857 ლარი) მქონე რეგიონი სამცხე-ჯავახეთია. ეს არის ერთადერთი რეგიონი საქართველოში, სადაც სომეხი ეროვნების მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს (შემდეგ მოდის თბილისი). თუმცა, ლივნისა და ლაბაძის აზრით, ასეთი შედეგი მხოლოდ სომხური წარმოშობის შინამეურნეობათა სიმრავლით განპირობებული არ არის, რადგან სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საშუალო 3.8 სულით ერთ ოჯახზე ეროვნული მაჩვენებლისაგან (3.6 სული) შორს ნამდვილად არ არის.

ლივნისა და ლაბაძის კვლევა აჩვენებს, რომ სამცხე-ჯავახეთელი ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან საშუალოდ 2.5-ჯერ მეტ შემოსავალს იღებენ ვიდრე ამას კახეთის სოფლის მეურნეები. დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლის ყველაზე დაბალი წილი (13%) სხვა რეგიონებთან შედარებით, ასევე, დამუშავებული  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ყველაზე დიდი წილი (0.85 ჰა ერთ შინამეურნეობაზე) სამცხე-ჯავახეთშია. სამცხე-ჯავახეთში ვხვდებით დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შედარებით თანაბარ განაწილებას შინამეურნეობებს შორის. ამასთან, სამცხე-ჯავახეთში დიდი ზომის ფერმები ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არის. სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების (მათ შორის, იჯარით გაცემული) ყველაზე მეტი საშუალო რაოდენობითაც (3.4 ერთეული ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით).

ლივნისა და ლაბაძის კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული სომხური შინამეურნეობის საშუალო შემოსავალი 923 ლარია, შედარებით მაღალი, ვიდრე ქართული ოჯახის საშუალო 729-ლარიანი საშუალო შემოსავალი; ასევე, სომხური ოჯახები ქართულ ოჯახთან შედარებით საშუალოდ  2.5-ჯერ უფრო მეტი მიწის ნაკვეთს ამუშავებენ მაშინ, როცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი და ქართველი ოჯახები ერთნაირ პირობებში ცხოვრობენ.

ლივნის და ლაბაძის კვლევა აჩვენებს, რომ სომხური პროდუქტიულობის ფაქტორი ნელ-ნელა მცირდება, როცა სამცხე-ჯავახეთს თბილისის მიმართულებით, 50-60 კმ-ით ვშორდებით. ამ შემთხვევაში მცირდება როგორც სომხური შინამეურნეობების რაოდენობა, ისე მათი საშუალო შემოსავალიც. "ამის მიზეზი, ალბათ ის არის, რომ თბილისში სოფლის მეურნეობა ფულის მოპოვების საუკეთესო წყარო არ არის", - აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები