ახალი მთავრობა

ენმ მთავრობის შემადგენლობის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ეწინააღმდეგება

ინტერპრესნიუსი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის შემადგენლობის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ეწინააღმდეგება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ქართული ოცნების ლიდერების წინასწარი განცხადებებიდან ცხადია, რომ მთავრობის შემადგენლობა იგივე დარჩება და მხოლოდ შს მინისტრი შეიცვლება.

“ქართული ოცნება აპირებს, მთავრობის ახალი შემადგენლობა ამ კვირაში დაჩქარებული წესით გაიტანოს პარლამენტში და დაამტკიცოს. 2 დღეში აპირებენ მთავრობის დამტკიცებას. ჩვენი აზრით, მთავრობის ამ შემადგენლობამ აჩვენა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთავარი გამოწვევები, ეკონომიკა, დასაქმების პრობლემა გადაუჭრელი დარჩა”, - აცხადებს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ მთავრობამ უკიდურესი არაკომპეტენტურობა და უუნარობა აჩვენა.

“ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ დაპირებები, ჩვენ მივიღეთ ეკონომიკური სტაგნაცია, შემოსავლების შემცირება, იმპორტის მკვეთრი ვარდა, დამატებითი ღირებულების ბრუნვის შემცირება. სახეზეა საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი ვარდნა. ბიუჯეტს, დღევანდელი მდგომარეობით, 700 მილიონ ლარამდე აკლია”, - ამბობს ჯაფარიძე. დეპუტატის თქმით, ის, რომ წლევანდელი წელი კარგი უნდა ყოფილიყო და ყველა მომდევნო წელი უკეთესი - პირიქით არის.

“ეს წელი იყო ცუდი, მომავალი წელი იქნება - უარესი და ამაზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევს შემოტანილი ბიუჯეტი. 7,5%-იანი ზრდა 1,3%-იან ზრდამდე ჩამოვიდა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზე დაასახელებს.

"წარდგენის შემდეგ, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პარლამენტს ოფიციალურად ეცნობება", - აღნიშნავენ სახელმწიფო კანცელარიაში. 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტები 19 ნოემბერს მოუსმენენ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი, კენჭი 20 ნოემბერს ეყრება.

“პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ფიცის დასრულების წამიდან, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ის ახალი მოდელი, რომელიც 2010 წლიდან იქნა მიღებული და ამ წუთიდან პარლამენტიც ახალ რეალობაშია, პრემიერმინისტრიც და პრეზიდენტიც, თავისი პასუხისმგებლობით და კომპეტენციით. რაც შეეხება პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვის გრაფიკს: სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება და ყველა კომიტეტი იმ მინისტრს შეხვდება, რომელთანაც კომპეტენციებით იკვეთება - ზოგიერთ მინისტრს ორ-სამ კომიტეტში მოუწევს მისვლა. სამშაბათსვე, დღის მეორე ნახევარში შედგება უმცირესობასა და უმრავლესობასთან შეხვედრები, უკვე ოთხშაბათს კი კენჭი ეყრება მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას”, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ კენჭისყრამდე დეპუტატებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს.

კომენტარები