აშშ-საქართველოს ურთიერთობა

The New York Times: შესაძლოა ვაშინგტონი საქართველოსადმი ინტერესს კარგავს

მიხეილ სააკაშვილი

ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსადმი ინტერესს კარგავს, რის ერთ-ერთ ნიშნად გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაა დასახელებული.

"იმის ნიშანი, რომ ვაშინგტონი შესაძლოა კარგავდეს ინტერესს სამხრეთ კავკასიაში მისი ყველაზე ახლო მოკავშირისადმი, იყო კვირას თბილისში გამართული გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია. იმის ნაცვლად, რომ ობამას ადმინისტრაციას ინაუგურაციაზე მაღალი რანგის, ევრაზიის საკითხებზე აქტიურად მომუშავე კონგრესმენებისგან შემდგარი დელეგაცია გაეგზავნა, რომელსაც, შესაძლოა, გაძღოლოდა კაბინეტის მაღალჩინოსანი, თბილისში ინაუგურაციაზე გაუშვეს ნაკლებად ცნობილი თანამდებობის პირებისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი", - წერს The New York Times.

ამერიკულ გამოცემასთან საუბარში მიხეილ სააკაშვილი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ ამერიკა სირიაში შეზღუდულ სამხედრო მოქმედებებს განახორციელებდა, ეს პუტინისთვის მაინც იქნებოდა რისკის შემცველი. ახლა ის თითქმის ან სრულიად დარწმუნებულია, რომ რასაც ის აკეთებს - კეტავს მილსადენს, მოდის და თბილისის ოკუპაციას ახდენს, მიდის და აზერბაიჯანის მთავრობას აგდებს - საპასუხოდ არავინ არაფერს გააკეთებს, გარდა მკაცრი განცხადებებისა და დაგმობისა.

The New York Times-ის ცნობით, სააკაშვილი მოელის, რომ იქნება სამიზნე, რადგან ექსპრეზიდენტის თქმით, პრემიერმინისტრ ივანიშვილს სურს მისი ან დაპატიმრება, ან ქვეყნიდან განდევნა, თუმცა, სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში იბრძოლებს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

"ახლა ვისურვებდი, რომ 1 მილიარდით ნაკლები დაგვეხარჯა სამხედრო თავდაცვისთვის და ეს ფული მთლიანად ჩაგვედო განათლებაში. ეს იქნებოდა იმაზე გაცილებით უკეთესი თავდაცვა, ვიდრე ამდენი იარაღის ყიდვა, რომელიც ნაკლებად გამოსადეგია, როცა რუსეთთან კონფრონტაციაზე ვსაუბრობთ. ეს არის ჩემი უდიდესი შეცდომა", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა The New York Times-ს.

 

კომენტარები