საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჩვენი დაფინანსებული ცდუნება

მერაბ ბასილაია
0 კომენტარი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლამდე სახელმწიფო ტელევიზიას წარმოადგენდა. მას კანონით ევალებოდა მთავრობის აზრის და ინტერესის გაშუქება ამა თუ იმ საკითხზე. ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის გაცხარება 2003 წელს იმის გამო, რომ ამას ტელევიზია საკმარისად კარგად ვერ აკეთებდა.

მას შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რთული გზა განვლო. ასე თუ ისე, ის შეიძლება არა სიმძაფრისა და სენსაციის, მაგრამ ბალანსისა და თანასწორობის ეტალონად ჩამოყალიბდა. 2012 წლის დეკემბერში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა არჩევნების ყველაზე დაბალანსებულად გაშუქების პრიზი მთელ ევროპაში.

არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი პირველები „სამართლიანობის აღდგენის" მედროშეები სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწყდნენ. სულ ცოტა ხანში იქ მოულოდნელი ფინანსური შემოწმება დაიწყო. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჯერ კიდევ გასულ ნოემბერს განაცხადა, რომ შემოწმების მიზეზი მაუწყებლის „ერთი პარტიის ინტერესების სამსახური" ანუ მის მიერ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის არმოწონება იყო.

სულ მალე კი, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მორიგი „გულწრფელი" წამოცდომისას მაუწყებლისა და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მე-9 არხის შერწყმის წინადადება წამოაყენა, რათა საზოგადოებას, პრემიერის თქმით, „ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებელი" მიეღო.

ამას მოჰყვა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ეპოპეა. საერთაშორისო კრიტიკის შედეგად, მმართველმა გუნდმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება არა დაუყოვნებლივ, არამედ იანვრიდან, ანუ მაინც ვადაზე ბევრად ადრე, შეუწყვიტა. ფორმირების ახალი წესის თანახმად, მეურვეთა რაოდენობა 15-დან 9-მდე მცირდება, ხოლო მათი პარლამენტში ნომინირების დისკრეცია პრეზიდენტის ინსტიტუტიდან საპარლამენტო უმრავლესობაზე, ოპოზიციაზე, სახალხო დამცველსა და აჭარის უმაღლეს საბჭოზე გადადის. ცხადია, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ასე ერთბაშად დათხოვნა გულისხმობს და ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალმა საპარლამენტო უმრავლესობამაც შეიძლება ვერ გაუძლოს იმის ცდუნებას, რომ ხელისუფლების ცვლილების კვალობაზე წინამორბედის მემკვიდრეობა ერთი ხელის მოსმით არ გაისტუმროს.

თეორიულად, სამართლიანობის აღდგენა, უსამართლობის დამყარებამდე არსებულ სამართლიან მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში ეს მდგომარეობა კი (დე ფაქტო მაინც) სახელმწიფო ტელევიზიის სტატუსია. მაუწყებლის ამჟამინდელი დირექტორის, თამაზ ტყემალაძის თქმით, იგი ხშირად გადის კონსულტაციებს სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან და ყოფილი სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ სახესთან, კოკა ყანდიაშვილთან, ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით. ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ის, რაც ნუგზარ ფოფხაძეს (კომუნისტური პარტიის ყოფილ მდივანს იდეოლოგიის დარგში, ამჟამად კი, სხვადასხვა ცნობებით, ივანიშვილის პიარ სტრატეგს) გაუკეთებია ტელევიზიისთვის, ამის არდანახვა არ შეიძლება".

მალე მაუწყებლის ყველაზე რეიტინგული, ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის პოლიტიკური ტოკშოუები დაიხურა. მე-9 არხიდან, რომელიც ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში, საქართველოში ყველაზე დაუბალანსებელ და მიკერძოებულ მედიაორგანიზაციადაა მოხსენიებული, 30-მდე ჟურნალისტი და თანამშრომელი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავიდა.

ამ ყველაფერს კი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლის კამპანია მოჰყვა. საბჭოს მიერ ჯერ კიდევ 9 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, მაუწყებლის შენობაში მივლენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის ოფიცერი, ვინმე ციბაძე, რომელსაც მაუწყებლის შენობაში ოფისიც აქვს და უშუალო გავლენას ახდენს მის სარედაქციო პოლიტიკაზე. საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის თქმით, ციბაძე უშუალოდ ახორციელებდა მასზე ზეწოლას და შანტაჟს.

ამ განცხადებას თითქოს დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყება და დამნაშავეთა დაკავებაც უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია. მეტიც, სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად, საბჭოს კიდევ ორი წევრი გადადგა.

საქართველოს სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები ყურადღებით აკვირდებიან საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს. მიმართვები გაავრცელეს კოალიციამ – მედია ადვოკატირებისთვის და დიპლომატიურმა კორპუსმა, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლის ფაქტების გახშირების (კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის) და ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების არარსებობისა და არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჩარევის გამო (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა), ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში არხზე იმ პოლიტიკური ტოკშოუების დახურვის თაობაზეც, რომლებმაც, როგორც უკვე აღინიშნა, პრემიერის „გულწრფელი" კრიტიკა დაიმსახურეს (არასამთავრობოთა ერთობლივი განცხადება). საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ მოუწოდა ხელისუფლებას, გაეთვალისწინებინა საერთაშორისო მოთამაშის – მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის რეკომენდაცია, რომელიც, ერთი მხრივ, მიესალმა დაგეგმილ რეფორმებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოუწოდა პარლამენტს, სამეურვეო საბჭოს ერთბაშად დათხოვნის ნაცვლად, მეურვეთა ეტაპობრივი ჩანაცვლება მომხდარიყო.

ამერიკელი მკვლევარი ბილ კოვაჩი, ჟურნალისტთა ობიექტურობის შეფასებისას, მათი სუბიექტურობის, როგორც ბუნებრივი მოცემულობის ობიექტური მეთოდით დაბალანსების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ-ერთი პირველი მედიასაშუალებაა, რომელმაც საკუთარი ქცევის კოდექსი შეიმუშავა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ეფუძნება და კოვაჩისეული ობიექტური მეთოდის საზომად შეიძლება გამოდგეს. თუკი ვინმე სცოდავს ქართულ მედიასივრცეში მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი სტანდარტების უგულებელყოფის მხრივ, ეს საყვედური ყველაზე ნაკლებად აქცენტებისა და დიალოგის წამყვანებს ეკუთვნით და, ამ თვალსაზრისით, შენიშვნები ჟურნალისტებს მენეჯმენტისგან აქამდე არ მიუღიათ.

ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებულ მედიასაშუალებად იყო მიჩნეული, ამდენად, თუ მიკერძოებულობაზეა საუბარი, სუბიექტურად და პოლიტიკურად მოტივირებულად სწორედ ამ გადაცემების დახურვა შეიძლება მივიჩნიოთ. მით უმეტეს, რომ არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება უნისონში მოდის პრემიერმინისტრის შეფასებებთან პაიჭაძისა და კვესიტაძის გადაცემების სააგიტაციო ხასიათის თაობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასებები, იქნება ეს პრემიერი თუ კანონმდებელი, ვერ გამოდგება ჟურნალისტის საქმიანობის იმაზე უფრო ობიექტურ საზომად, ვიდრე ეს საყოველთაოდ აღიარებული ჟურნალისტური სტანდარტებია.

უკვე მერამდენედ, საზოგადოებრივი მაუწყებელი სატირულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, მისი მართვა ევალება ქმედუუნარო საბჭოს, რომელსაც კვორუმის არქონის გამო გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მეორე მხრივ, მის „განვითარებაზე" ზრუნავს „უნდობლობაგამოცხადებული" დირექტორის მიერ დანიშნული მრჩეველთა საბჭო, რომელთა კომენტარებიდან აშკარაა, რომ მაუწყებლის ეთერით 2009 წლის შემდეგ არ დაინტერესებულან და მესამე – მაუწყებლის ფაქტიურ დირექტორად იქცა „მცხეთური დიალოგების" წამყვანი, რომელმაც საკუთარ ორიენტირად საბჭოთა სისტემის ყველაზე ბინძური საქმის, პროპაგანდის ხელმძღვანელი აირჩია. ამ კარიკატურიდან თავის დაღწევა თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი გზა კიდევაა დარჩენილი „საკანონმდებლო უტიფრობის" შესაკავებლად, ახალ კანონს კონსტიტუციურობის ტესტი ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები