ტიმოშენკოს საქმე

რადამ ექსპრემიერ ტიმოშენკოსთან დაკავშირებული კანონპროექტი ამ დრომდე ვერ მიიღო

theguardian.com

უკრაინის რადამ ამ დრომდე ვერ მიიღო ექსპრემიერ ტიმოშენკოსთან  დაკავშირებული კანონპროექტი. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პატიმრების საზღვარგარეთ მკურნალობის პროექტზე მუშაობს, ერთობლივი კანონპროექტის შემუშავება ვერ შეძლო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადაში ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხების კომისარი შტეფან ფულე მივიდა. გავრცელებული ცნობით, ის პარლამენტის ხელმძღვანელობას კულუარებში შეხვდა.

”ჩვენ, ოპოზიცია, მზად ვართ ხმა მივცეთ ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც  საჭიროა უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების მოსაშორებლად. ვიქტორ იანუკოვიჩის, ერთი ადამიანის შიშს, შეუძლია ჩვენი ევროპული პერსპექტივები დაჩრდილოს. ევროპული ინტეგრაციის საკითხი აქ არ წყდება, რეგიონების პარტიის წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ პირადად ვიქტორ იანუკოვიჩი. სწორედ ამიტომ ჩვენ მივმართავთ იანუკოვიჩს, რომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მისცეს დავალება რეგიონების პარტიას, რომ აღარ შეანელონ ევროპული ინტეგრაციის პროცესი და დაუყოვნებლივ მისცენ ხმა ყველა კანონპროექტს”, - განაცხადა უკრაინის რადას წევრმა არსენი იაცენიუკმა.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის რადა ამ კვირაში მიიღებს ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერადაა საჭირო. ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, რომელსაც ევროკავშირი კიევს უყენებს - ექსპრემიერ ტიმოშენკოს გათავისუფლებაა.

 

 

კომენტარები