ნოტარიუსთა პალატა

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ვადამდე გადადგა

ბაჩანა შენგელია
იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ თანამდებობა ვადამდე დატოვა. შენგელია ამის მიზეზად იუსტიციის სამინისტროსთან კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეუთანხმებლობასა და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის დამოკიდებულებას ასახელებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ტაბულას განუცხადა, ნოტარიუსთა პალატამ გამგეობის ახალი თავმჯდომარე ერთი თვის ვადაში უნდა აირჩიოს.

"პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 14-15 ნოემბერს იხილებოდა კანონპროექტი, რომლის შექმნის გაცხადებული მიზანი იყო იპოთეკით დაზარალებულ მესაკუთრეთათვის გარკვეული დახმარების გაწევა და მომავალში ამგვარი შემთხვევების პრევენცია. ნოტარიუსთა პალატისთვის კანონპროექტის შესახებ, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა მხოლოდ მთავრობის სხდომაზე მისი დამტკიცებისა და ტელეკომენტარების გაკეთების შემდეგ. ჩვენს მიერ ამ პროექტზე მომზადდა შენიშვნები და წინადადებები, რომელიც გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, იუსტიციის მინისტრმა უარი გვითხრა პროექტში ცვლილების შეტანაზე, ასევე მასთან შეხვედრაზე, ხოლო პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე პალატის გამგეობის წევრების მონაწილეობა და კანონპროექტზე საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმა, მისი მხრიდან აღქმულ იქნა პირად დაპირისპირებად და შედეგად უარი განაცხადა სამომავლოდ ყოველგვარ თანამშრომლობაზე", - აცხადებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე.

ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი, რომელიც იპოთეკით დაზარალებული მესაკუთრეების პრობლემებს ეხება, ვერ პასუხობს მისი შექმნის მიზანს, არანაირად არ ემსახურება იპოთეკით დაზარალებულ მესაკუთრეთა ინტერესებს და სხვა უამრავ ხარვეზთან ერთად, შეიცავს ნოტარიატისთვის არაერთ საზიანო ნორმას.
"ხოლო ის ფორმა, რომლითაც პროექტი წარდგენილ იქნა მთავრობასა და პარლამენტში, ანუ ნოტარიუსთა პალატასთან კონსულტაციის გარეშე, ასევე ამ პროექტზე საპირისპირო მოსაზრების გამოთქმის ჩათვლა მინისტრის მხრიდან მასთან პირად დაპირისპირებად, მიმაჩნია სრულიად მიუღებლად.

ეს პროექტი ალბათ ახლო მომავალში გახდება მსჯელობის საგანი და საზოგადოება დასვამს უამრავ კითხვას, ასევე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს, თუმცა უკვე ამ ეტაპზე ქალბატონი თეა წულუკიანის მიერ უკვე გავლებული წყალგამყოფის პირობებში, ვფიქრობ მასთან მუშაობას აზრი არა აქვს და ამ თანამდებობაზე ჩემი დარჩენა ნოტარიატისთვის შესაძლოა ზიანის მომტანიც იყოს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლამდე ვარ არჩეული ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარედ, მივიღე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება", - ნათქვამია ბაჩანა შენგელიას მიერ დღეს, 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ნოტარიუსთა პალატას სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტის მიმართ არაერთი შენიშვნა აქვს. ერთ-ერთი შენიშვნა ეხება კანონპროექტის იმ მუხლს, რომელიც იპოთეკური სესხის გაცემისას საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესებას ითვალისწინებს.

"ნოტარიუსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცენტის მაქსიმალური ზღვრის დაწესება გაზრდის თვალთმაქცურ და ფარულ გარიგებათა რიცხვს. ნოტარიუსებს გვახსოვს ის, დრო, როდესაც მსგავსი შეზღუდვის პირობებში, მხარეები ურთიერთშეთანხმებით და ფარულად ზრდიდნენ სესხის ძირ თანხას და მის ხარჯზე ამცირებდნენ რეალურ პროცენტს. ის ეკონომიკური ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ რეგულაციის გამკაცრება, როგორც წესი ზრდის პროდუქტის ფასს. შესაბამისად, თუ მოქალაქეთა კრედიტუნარიანობა არ გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ პროცენტები გაიზრდება და დაფარულ სახეს მიიღებს. ცხადია ამ ფონზე გარიგების სადაოდ გახდომის რისკები გაიზრდება და გაიზრდება დამდგარ შედეგზე ნოტარიუსის პასუხისმგებლობის ხარისხიც", - წერია იმ შენიშვნებში, რომლის გათვალისწინებაც ნოტარიუსთა პალატამ მთავრობას შესთავაზა.

ტაბულა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის გადადგომასთან და ბრალდებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები