საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია

ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ხადურის თქმით, მისია ქვეყანაში მუშაობას დღეს ასრულებს.

“ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით, მათ შორის, მომავალი წლის პროგნოზებზე - ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, პრაქტიკულად, გაიზიარა საქართველოს მთავრობის ხედვა, რაც კიდევ უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს საქართველო მიაღწევს დაგეგმილ ყველა მაკროეკონომიკურ პარამეტრს, რომელსაც ეყრდნობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი”, - თქვა ხადურმა.

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფიტსის თქმით კი, შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე წლის ეკონომიკური მდგომარეობასა და მომავალი წლის პერსპექტივას, ასევე 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობის გეგმებს შეეხო.

“წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 2.5%-3% შეადგენს, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში ეკონომიკა გამოცოცხლდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია და შემდეგი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5% იქნება, რაც ძალიან კარგი იქნება. აღნიშნულის მისაღწევად ჩვენ პოლიტიკური სტაბილურობა, გაუმჯობესებული ბიზნესგარემო, ფისკალური სტიმულირება გონივრულ ფარგლებში, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა გვჭირდება. მთავრობამ ასევე, უნდა იმუშაოს უმუშევრობის აღმოფხვრის მიმართულებით და მეტი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნის ახალ მთავრობას აქვს კარგი შანსები აღნიშნულის მისაღწევად და ჩვენ გვსურს მათ დახმარება გავუწიოთ”, - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ საბოლოო პარამეტრებს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს.

კომენტარები