საპენსიო გეგმა

მთავრობა ფინანსური პირამიდის მშენებლობას იწყებს

სანდრო ურუშაძე
0 კომენტარი

საქართველოს მთავრობა საპენსიო რეფორმის ინიციატივით გამოდის. მას მაღალი რეიტინგი აძლევს შესაძლებლობას, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და საზოგადოებრივი დებატების გარეშე მიიღოს. დაგეგმილია სავალდებულო ინდივიდუალურ შენატანებზე დამყარებული მოდელის, როგორც საპენსიო სისტემის ერთ-ერთი სვეტის შექმნა: „მოქალაქის მიერ პენსიის მიღების საფუძველი იქნება მისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრები" (სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის"). ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება საპენსიო შენატანებზე დამოკიდებული PAYG (გადაიხადე, სანამ შეგიძლია) სისტემა, რათა დაფინანსდეს გაზრდილი საპენსიო ხარჯები. „დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება", განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

დღეს ჩვენი მოსახლეობა ადვილად იჯერებს სამინისტროს მიერ მიცემულ დაპირებებს, მაგრამ აუცილებელია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს სამთავრობო საპენსიო გეგმის მოსალოდნელ შედეგებზე და არსებულ პოლიტიკურ ალტერნატივებზე.

მთავრობის „ახალი" საპენსიო გეგმა კარგად დავიწყებულ წარსულს გვახსენებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო დღეს შემოთავაზებული PAYG სისტემა და ძალიან მალე, იძულებული გახდა, გადასულიყო უნივერსალურ, შენატანებისგან დამოუკიდებელ საპენსიო მოდელზე. იმ დროისთვის ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რათა როგორმე დაფარულიყო საპენსიო ხარჯები და, ამავე დროს, თავიდან აეცილებინა მაღალი გადასახადები და მოსალოდნელი საბიუჯეტო კრიზისი.

ქვეყანა დღესაც იმავე პრობლემების წინაშეა და დაგროვებითი საპენსიო გეგმა ნიშნავს იმავეს, რასაც 15 წლის წინათ ნიშნავდა: მაღალ გადასახადებს და ვალს, რომელსაც მთავრობა იღებს მომავალი პენსიონერებისგან, რათა დღევანდელი პენსიონერების ხარჯები გაისტუმროს. სხვათა შორის, ორი წლის წინ, ფინანსთა სამინისტროს უკვე ჰქონდა იგივე გეგმა: დაეფუძნებინა სახელმწიფო საპენსიო ფონდი, რომელიც დაფინანსდებოდა სავალდებულო საპენსიო შენატანებით, მაგრამ ეს წინადადება არ იქნა მოწონებული – როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსთან შეუსაბამო.

დაგროვებითი საპენსიო მოდელის შემოღების მიზანი შემცირებული გადასახადების პირობებში გაზრდილი სოციალური ხარჯების დაფინანსებაა. 2014 წელს სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 3 მილიარდ ლარამდე იზრდება, საიდანაც ლომის წილი სწორედ გაზრდილ პენსიების დაფინანსებას მოხმარდება. საპენსიო მუხლში გაზრდილი ხარჯები უკვე აღებული 150-ლარიანი პენსიის ვალდებულებების გასასტუმრებლად არის გათვლილი და პენსიის ახალი ზრდა მომავალ წელს აღარ იგეგმება.

სამწუხაროდ, როგორც ბევრი სხვა სამთავრობო დაპირება, დაგროვებითი პენსიის მოდელიც მოწყვეტილია საქართველოში დღეს არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტს. მთავრობა ამ დაპირებით ქმნის ახალ ილუზიას, რომელიც საფინანსო პირამიდის მსგავსია.

ჯანდაცვის სამინისტრო დღევანდელი ამომრჩევლების გულის მოგებას, ფინანსთა სამინისტრო კი გაზრდილი გადასახადებით ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებას ცდილობს. რაც შეეხება დღევანდელ გადასახადის გადამხდელებს, იმ დროს, როცა ისინი საპენსიო ასაკს მიაღწევენ და გაცემული დაპირებების შესრულების დრო მოვა, დღევანდელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი აღარ იქნება თანამდებობებზე. ჩვენი პენსიაც, იმ დროისათვის, არა წლების განმავლობაში შეტანილ თანხებზე, ან სამუშაო სტაჟზე, არამედ ისევ იმ 150 კაცზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს პარლამენტში იჯდება.

დღეს საქართველოში დაახლოებით 800 000 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული ფორმალურ სექტორში და იხდის საშემოსავლო გადასახადს. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ ადამიანების გადასახდელი იქნება ახალი სოციალური გადასახადი, ხოლო დანარჩენი 3,5 მლნ ადამიანი, ანუ მოსახლეობის 80% ზე მეტი, ამ სისტემის გარეთ აღმოჩნდება და მისთვის რეალურად არც არაფერი შეიცვლება.

რატომ გახდა საჭირო დღეს არსებული მოდელის შეცვლა და როგორი საპენსიო მოდელი აქვს ამჟამად საქართველოს? არის თუ არა PAYG სავალდებულო საპენსიო დაზღვევის გეგმა უკეთესი? არის თუ არა სხვა ალტერნატივები? ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ ობიექტურად შეაფასოს სამინისტროს ახალი წინადადება.

არსებული საპენსიო გარემო

პენსია საქართველოში უნივერსალურია და არ არის დამოკიდებული შენატანებზე. გაიცემა თანაბრად ყველაზე, ვინც აკმაყოფილებს მოქალაქეობისა და მუდმივად მცხოვრებლის პირობას და მიაღწევს კანონით დადგენილ ასაკს (60 ქალებისთვის და 65 მამაკაცებისთვის). პენსიის დანიშვნისას არ არის დაწესებული რაიმე წინაპირობა: მაგალითად, ფორმალურ სექტორში მუშაობის მინიმალური სტაჟი, ან რაიმე ქონებრივი ცენზი.

ზოგადი გადასახადებიდან დაფინანსებული პენსია უზრუნველყოფს საპენსიო ასაკის ადამიანებს რეგულარული შემოსავლით და მის მთავარ მიზანს სიღარიბისაგან დაცვა წარმოადგენს.

პენსიის ინდექსაცია არ ხდება ავტომატურად ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ ის პერიოდულად იზრდება (ბოლოს გაიზარდა 1-ლ სექტემბერს) და უფრო სწრაფადაც, ვიდრე ნომინალური მშპ (10-ჯერ უფრო სწრაფად, ბოლო 10 წლის განმავლობაში).

ასაკით პენსიის ოდენობა შეადგენს საშუალო ხელფასის დაახლოებით მეხუთედს. საქართველოს მოსახლეობა ბერდება, რაც გამოწვეულია ფერტილობის დაბალი მაჩვენებლით და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით.
ასაკით პენსიონერები შეადგენენ მოსახლეობის 18%-ს (ეუთო საშ. 15%) და არსებული პროგნოზით, 2025 წლისთვის, ეს მაჩვენებელი მიაღწევს 25%-ს. მაღალია პენსიის მიმღებთა დასაქმებულებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი (1,4 ასაკით პენსიონერი ერთ დასაქმებულზე), ასევე მაღალია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (>65%), რაც ორმაგი წნეხია არსებულ და მომავალ საპენსიო სისტემაზე.

საპენსიო ხარჯები მშპ-ზე 3%-ით მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სოციალური გადასახადი იფარება ბიუჯეტის ზოგადი შემოსავლებიდან და არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაუფინანსებელი ვალდებულებები, საქართველოს არ აქვს დაგროვილი ე.წ. ფარული საპენსიო ვალი.

მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემების მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი 2007 წელს შეადგენდა 23,6%-ს და უკიდურესი სიღატაკის მაჩვენებელი 9,3%-ს. პენსია, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებთან ერთად, ეფექტური ინსტრუმენტია სიღარიბის შესამცირებლად.

საპენსიო რეფორმის ვარიანტები

არ არსებობს მზა რეცეპტი საპენსიო სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ წარმოგიდგენთ დღეს არსებული მოდელების ძირითად მახასიათებლებს, რისი გათვალისწინებაც საპენსიო რეფორმის დროსაა სასურველი.

გერმანიის გზა – შენატანებზე დამოკიდებული PAYG მოდელი

PAYG მოდელში დღევანდელი დასაქმებულები იხდიან დღევანდელი პენსიონერების პენსიას. გადასახადები სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის. ეს ქმნის პრობლემას, როდესაც პენსიის მიმღებთა საერთო რიცხვი იზრდება დასაქმებულთა საერთო რიცხვთან შედარებით და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები არ არის საკმარისი წარმოქმნილი დეფიციტის დასაფარად. სახელმწიფო ვალდებულია დაფაროს დეფიციტი. ეს ზრდის საპენსიო დავალიანებას და ემუქრება ეკონომიკას ფისკალური არამდგრადობით.
იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო ფონდში შენატანები სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, დღევანდელ თაობას მოუწევს ორმაგი გადასახადის გადახდა, რომ დააფინანსოს როგორც დღევანდელი პენსიონერები, ასევე, საკუთარი პენსიები მომავალში. გაზრდილი ხარჯების დამატებითი ტვირთი დააწვება დასაქმებულებს. სხვადასხვა გათვლებით, საჭირო გახდება საშემოსავლო გადასახადის გაზრდა სულ მცირე 50%-ით.

იმისთვის, რომ საპენსიო ხარჯები და შენატანები დაბალანსდეს, სისტემამ უნდა მოაგროვოს მეტი გადასახადები არსებული დასაქმებულებისგან, რაც გადასახადსა და საბოლოო სარგებელს შორის პირდაპირი კავშირის არარსებობის გამო, საპენსიო შენატანს გადასახადის გაზრდის შინაარსს მისცემს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უმუშევრობის და არალეგალური/არაფორმალური საქმიანობის ზრდას.

ფორმალური სექტორი, სადაც დასაქმებულთა 65%-ია რეგისტრირებული (სოფლის მეურნეობაში ეს ციფრი 85%-ს აღწევს), ბუნებრივია, არ გადაიხდის შენატანებს და მოტივაციები არაფორმალური საქმიანობისთვის მხოლოდ გაიზრდება.
PAYG სისტემა არ ქმნის რაიმე აქტივებს, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა საინვესტიციო მიზნებისთვის და, ამავე დროს, მოითხოვს დამატებით ადმინისტრაციულ დანახარჯებს საპენსიო სქემის მონაწილეთა რეგისტრაციისთვის, შენატანების და გასაცემლების დასაანგარიშებლად. დღეს წამყვანი ევროპული ქვეყნების ფარული საპენსიო დავალიანება რამდენჯერმე აღემატება ქვეყნის მშპ-ს. ფინანსური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, ვისაც დაგროვებითი საპენსიო სისტემები აქვთ, საპენსიო სისტემაში წარმოქმნილ ფისკალურ პრობლემებს პასუხობენ მუდმივი პარამეტრული და სისტემური რეფორმებით. თუმცა საბერძნეთის, ირლანდიის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ხშირად ვერ ხერხდება.

გერმანია, მაგალითად, გეგმავს საპენსიო ასაკის გაზრდას 65 და 67 წლამდე (შედარებისთვის, საქართველოში 60 და 65). საპენსიო შენატანი გაიზრდება 20%-მდე 2020 წლიდან და 22%-მდე 2030 წლიდან (შედარებისთვის, საქართველოში 0%). აღსანიშნავია, რომ გერმანია ხარჯავს საპენსიო გასაცემლებზე მშპ-ის 11,4%-ს, როცა ეუთო-ს საშუალო მაჩვენებელი 7,2%-ია. (შედარებისთვის, საქართველოში 3%).

ჩილეს გზა – კერძო საპენსიო ანგარიშები

1981 წლის 4 ნოემბერს, ჩილეში განხორციელებულმა სოციალური დაცვის რეფორმამ შემოიტანა რევოლუციური სიახლე. მან თითოეულ დასაქმებულს მისცა არჩევანის საშუალება, გადაეხადა ხელფასის 10% არა სახელმწიფო საპენსიო სისტემისთვის, არამედ შეეტანა კერძო საპენსიო ანგარიშზე. ჩილე იყო პირველი ქვეყანა, ვინც განახორციელა PAYG სისტემის რეფორმა და გადავიდა შენატანებზე დამოკიდებულ ფონდირებულ მოდელზე.

ფონდირებული პენსიები ფინანსდება კერძო შენატანებისგან, რასაც დასაქმებულები იხდიან პირად საპენსიო ანგარიშზე. ფონდირებულ მოდელში მომავალი პენსიის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს შეიტანს ჯამურად მომავალი პენსიონერი და როგორი იქნება ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი.

ფონდირებული სისტემა აქტუალურად უფრო სამართლიანია, რადგან სარგებელი დამოკიდებულია ჯამურ შენატანზე. ფონდირებული სისტემა უკეთ პასუხობს მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უფრო დაბალი ფისკალური ვალდებულებებით. ეს მოდელი არ ახდენს უარყოფით გავლენას შრომით ბაზარზე, ხელს უწყობს კერძო დაგროვებას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს მოდელი ამცირებს საპენსიო სისტემის პოლიტიზების რისკებს. ფონდირებული მოდელი არ ქმნის დამატებით სახელმწიფო ვალდებულებებს, მაგრამ გადააქვს საინვესტიციო რისკი დასაქმებულებზე.

ჩილეს რეფორმების შემდეგ ათზე მეტმა ქვეყანამ აირჩია საპენსიო სისტემის ფონდირებული მოდელი და ჩაანაცვლა PAYG სისტემები. სომხეთი არის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი. საქართველოსაც გააჩნია PAYG სისტემის რეფორმირების საკუთარი გამოცდილება.
ზოგადად, არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი PAYG სისტემის რეფორმირებისა ფონდირებულ სისტემად, მაგრამ არ არის ამ სისტემის აღდგენის არცერთი მაგალითი. სამწუხაროდ, მთავრობის გაუაზრებელი გეგმის შედეგად, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ასეთი ქვეყანა.

ახალი ზელანდიის გზა – უნივერსალური პენსია

ახალი ზელანდია მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, რომლებმაც უარი თქვეს სავალდებულო, შემოსავალზე დამოკიდებული საპენსიო სისტემის მშენებლობაზე. ახალ ზელანდიაში, საქართველოს მსგავსად, მოქმედებს საყოველთაო საბაზისო პენსია ყველა ხანდაზმულისთვის და სხვა სავალდებულო საპენსიო სვეტის აშენების საჭიროება არ არსებობს.

მთავრობა აფინანსებს პენსიებს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლის ასაკია 65 წელი და მეტი. პენსიის წლიური ოდენობა შეადგენს 18,954 აშშ დოლარს. საპენსიო ხარჯები ფინანსდება ზოგადი გადასახადებიდან. უნივერსალურ პენსიებთან ერთად მოქმედებს კერძო დაგროვებითი სქემაც. სქემის მონაწილე თავად ირჩევს შენატანის ზომას – 2%, 4% ან 8% ხელფასიდან. დამსაქმებლისათვის სავალდებულოა მინიმუმ 2%-ის თანადაფინანსება.

ცხრა ქვეყანა და ერთი დიდი ქალაქი აფინანსებს უნივერსალურ პენსიებს ხანდაზმულებისთვის მხოლოდ მოქალაქეობის, საცხოვრებლისა და ასაკის საფუძველზე. ესენია: ახალი ზელანდია, ნამიბია, ბოცვანა, ბოლივია, ნეპალი, სამოა, ბრუნეი, კოსოვო, მავრიტანია და ქალაქი მეხიკო. უნივერსალური საპენსიო სისტემა ფარავს ყველა ასაკოვან მოქალაქეს. საქართველოც ამ ქვეყნებს შორისაა. შესაბამისად, საქართველოს მიერ არჩეული „დახმარებაზე ორიენტირებული" მოდელი არ არის უნიკალური, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს.

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

საქართველოს საპენსიო სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშეა: ეკონომიკა გაჩერდა, დემოგრაფიული სტრუქტურა უარესდება, დიდია არაფორმალური სექტორი, დაბალია შეფარდება პენსიის მიმღებებსა და გადამხდელებს შორის, დიდია პოლიტიკური ზეწოლა და საზოგადოების მოლოდინები პენსიების ზრდასთან დაკავშირებით. ამის პასუხად, მთავრობა გეგმავს PAYG სისტემის აღდგენას და არ ხდება სათანადოდ იმ რისკების შეფასება, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სისტემას ემუქრება.

დღეს არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ PAYG სისტემა საუკეთესოა საქართველოსთვის და ამიტომ, აუცილებელია ყველა სხვა შესაძლო ვარიანტის განხილვაც. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული საპენსიო სისტემის მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და საპენსიო მოლოდინები არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები