ფინანსური სექტორი

იაფი დაკრედიტების ხელოვნურად წახალისების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული რისკები

საბანკო სფეროს მოგება რეკორდულად - 98%-მდე - გაიზარდა. ამასთან, ბანკების შემოსავლები გასავალთან შედარებით არაპროპორციულად იზრდება. თვალშისაცემია ისიც, რომ ბოლო დროს კომერციულმა ბანკებმა შეარბილეს სესხის გაცემის პირობები და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებიც დაწიეს. ექსპერტები ამას პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის და ეროვნული ბანკის ახალი პოლიტიკით ხსნიან, რომელიც იაფი დაკრედიტების წახალისებას ეფუძნება. ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ იაფი დაკრედიტების ხელოვნურად წახალისება სერიოზული რიკსების შემცველია როგორც კონკრეტული მოქალაქეებისთვის, ისე ეკონომიკისთვის.

2013 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, კომერციული ბანკების შემოსავლები შარშანდელთან შედარებით პრაქტიკულად გაორმაგდა და 275 მილიონი ლარი (164 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა მაშინ, როცა 2012 წლის მესამე კვარტალში კომერციული ბანკების შემოსავლები 139 მილიონი ლარი (დაახლოებით, 83 მილიონი დოლარი) იყო.

კომერციული ბანკების შემოსავლების ზრდა ეროვნული ბანკის პოლიტიკის ცვლილებას დაემთხვა: 2012 წლის ბოლოდან ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მაგალითად, თუ 2012 წლის ოქტომბერში ეს განაკვეთი 5,75%-ს შეადგენდა, 2013 წლის აგვისტოსთვის სარეკორდოდ მცირე მაჩვენებელი - 3,75% - შეადგინა. სანამ ამ მაჩვენებელზე დავიდოდა, განაკვეთი ხუთჯერ შეიცვალა. ბოლო შემცირების შემდეგ კი ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების რეფინანსირებისთვის 13 საკრედიტო აუქციონი ჩაატარა, რის შედეგად საბანკო სექტორმა 3.6 მილიარდი ლარის ( 2.157 მილიონი დოლარი) ოდენობის მოკლევადიანი (7-დღიანი) კრედიტი მიიღო.

რეფინანსირების განაკვეთის დაწევა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა კომერციულ ბანკებს ფულს დაბალ პროცენტში აძლევს. იაფი ფინანსური რესურსის პირობებში კომერციული ბანკები არბილებენ სესხის გაცემის პირობებს და კრედიტებზე პროცენტებსაც წევენ. შესაბამისად, იზრდება ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხების რაოდენობა. ეს ტენდენცია შეინიშნება, როგორც მთლიანად საქართველოს ბაზარზე არსებული კომერციული ბანკების, ისე მხოლოდ ქართული კომერციული ბანკების საკრედიტო პროტფელის შემთხვევაში.

კერძოდ, 2013 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების საერთო საკრედიტო პორტფელმა 9.5 მილიარდ ლარს (5.671 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. ამ თანხის თითქმის ნახევარი - 45% (4.3 მილიარდი ლარი, ანუ, 2.567 მილიარდი დოლარი) - მოდის ფიზიკური პირების სესხებზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოფიციალურად დარეგისტრირებულ საქართველოს ერთ მოქალაქეზე (მათ შორის, არასრულწლოვნებსა და უცხოეთში მცხოვრებლებზე) მხოლოდ საბანკო სექტორიდან დაკრედიტების დონე 1 000 ლარს აღწევს. ამასთან, ეს მაჩვენებელი არ მოიცავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კერძო პირების მიერ გაცემულ სესხებს.

იგივე პერიოდში ქართული კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 800 მილიონი ლარით (477 მილიონი დოლარით) გაიზარდა. ამ ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის სწორედ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე: 2013 წლის პირველი იანვრიდან ოქტომბრამდე ფიზიკურ პირებზე გაცემულმა სესხებმა დაახლოებით 20%-ით მოიმატა ანუ 700 მილიონი ლარით გაიზარდა.

როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია აღნიშნავს, როდესაც ფინანსური რესურსის უფრო იაფად გაცემა ხდება, ვიდრე ამას ბაზარი კარნახობს, ამ რესურსის ათვისება ხდება არა მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, ვინც პროექტებში აბანდებს ფულს, რამედ იმ ადამიანების მიერაც, ვინც ამ ფულს ხარჯავს - შესაბამისად, ბრუნვაში ფულის მასა იზრდება ისე, რომ რეალურად წარმოების ზრდა არ ხდება. ანუ ადამიანს უჩნდება მეტი ფული, თუმცა ამ ფულით ზუსტად იგივე რაოდენობის პროდუქციის შეძენა შეუძლია, რასაც ადრე იყიდდა. ცომაია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად გაიზრდება ინფლაცია და გაძვირდება პროდუქცია. „დღეს დაკარგული ეკონომიკური ზრდის ყოველი 1% ნიშნავს წრედს", - ამბობს ცომაია.

კიდევ ერთი რისკი, რომელზეც ცომაია მიუთითებს ის არის, რომ თუ ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის ფინანსური რესურსის გაიაფების ტენდენცია დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდება, ეს ფინანსურ სექტორში ბუშტის გაჩენას შეუწყობს ხელს.

როდესაც მთავრობა საპროცენტო განაკვეთს ხელოვნურად ამცირებს, კრედიტები არაბუნებრივად იზრდება. ბუნებრივ პირობებში, საპროცენტო განაკვეთი მომხმარებლებსა და კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობის საფუძველზე დგება: მომხმარებლები დანაზოგებს ინახავენ კომერციულ ბანკებში, ხოლო ბანკები იმავე თანხებს შემდეგ გაასესხებენ სხვა პირებზე ან კომპანიებზე. იმისთვის, რომ მომხმარებელთა თანხები მოიზიდონ, კომერციული ბანკები ცდილობენ მათ ისეთი პროცენტი შესთავაზონ, რომ მათ დანაზოგის ბანკში შენახვის ინტერესი გაუჩნდეთ. მეორე მხრივ, იგივე ბანკები ცდილობენ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ისეთი იყოს, რომ კომპანიებმა ბიზნესსესხები აიღონ. ამასთან, ბანკებმა ისეთ ფასში უნდა გაასესხონ ფული კომპანიებზე, რომ ერთი მხრივ, დანაზოგის მეპატრონეს დაპირებული პროცენტი გადაუხადონ და მეორე მხრივ, თვითონაც ნახონ მოგება.

როდესაც მთავრობა ფულის მასას ხელოვნურად ზრდის, ფულზე ხელმისაწვდომობა ხელოვნურად იზრდება, რაც არასწორ სიგნალებს უგზავნის როგორც მომხმარებლებს, ისე ბიზნესებს. ჯერ ერთი, ადამიანები, რომლებიც ბუნებრივ პირობებში, სადაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალი იქნებოდა და ამის გამო სესხით უძრავ ქონებას ვერ იყიდდნენ, ახლა ამას შეძლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტ ფულს დახარჯავენ, ვიდრე დაზოგავენ, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთებს მომხმარებელთა მიერ დაზოგილი თანხები აღარ გაამყარებს. მეორე მხრივ, კომპანიები გაცილებით უფრო რისკიან პროექტებში დააბანდებენ თავიანთ ფულს, რადგან ხელოვნურად გაიაფებული ფულის პირობებში, მათ შეიძლება ის საინვესტიციო პროექტები მოეჩვენოთ მომგებიანად, რომლებიც ბუნებრივ პირობებში მათ მოგებას არ მოუტანდა.

რატომ მიდის მთავრობა ამ ნაბიჯზე? იმიტომ რომ მოკლე პერიოდში მაინც ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა. სინამდვილეში კი, ასე იქმნება ე.წ. ბუშტი.

ე.წ. ბუშტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის აუცილებლად სკდება. ამის მიზეზი კი ის ხდება, რომ რადგან საპროცენტო განაკვეთებს მომხმარებელთა მიერ გაკეთებული შესაბამისი დანაზოგები არ ამაგრებს, მათი შენარჩუნება ხანგრძლივ ვადაში შეუძლებელი ხდება. როგორც კი აღარ არის საკმარისი თანხა, რომ მთავრობამ დაიჭიროს ხელოვნურად შემცირებული საპროცენტო განაკვეთები, ბიზნესის ხარჯები იზრდება, საპროცენტო განაკვეთებიც იზრდება და მოგება მცირდება, შესაბამისად, წარმოების მოცულობაც მცირდება.

როგორც კი ფულის მოცულობა პროდუქციის რაოდენობას გადააჭარბებს, ფულის მსყიდველუნარიანობა დაეცემა, რადგან ჭარბი ფულის პირობებში მისი ერთეული უფასურდება. ეს კი, თავის მხრივ, პირველ რიგში სწორედ ღარიბ მოსახლეობას დააზარალებს, რადგან მათი შემოსავლის დიდი ნაწილი საკვების შეძენას ხმარდება, მათ ხელთ არსებული ფული კი სულ უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობს.

იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნილი პრობლემები გადაჭრას, მთავრობა ისევ ბაზრის მოთხოვნებს ემორჩილება და როგორც წესი ამცირებს მიმოქცევაში არსებულ ფულის მასას, რითაც ხეთქავს ე.წ. ბუშტს და იწვევს ეკონომიკურ რეცესიას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზარალდება ყველა.

კომენტარები