სამთავრობო პროგრამა

საპენსიო სისტემის რეფორმა სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ახალი მთავრობის მიზანი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების  ჩამოყალიბება იქნება.სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომელიცც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა, მოქალაქე პენსიას თავისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრებით მიიღებს. 

პროგრამის თანახმად, საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას. როგორც დოკუმენტში წერია, რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ კერძო საპენსიო ინსტიტუტები. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება მხოლოდ სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. სახელმწიფოს ექნება გამოკვეთილი მარეგულირებელი ფუნქცია, რათა სისტემამ შეინარჩუნოს სტაბილურობა. გარდა ამისა, არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს დაენიშნებათ (ან შეევსებათ) სოციალური პენსია. 

"რაც შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე იმყოფებიან ან მიაღწევენ საპენსიო ასაკს, სახელმწიფოსგან მიიღებენ სოციალურ პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის პრინციპებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დაიგეგმება და განხორციელდება შესაბამისი სამთავრობო პროგრამები/ღონისძიებები. ეტაპობრივად, შშმ პირთა შეფასების სისტემა „სამედიცინო“ მოდელიდან „სოციალურ“ მოდელზე გადავა. სოციალური მომსახურების დაწესებულებათა ქსელის განვითარება დაემყარება ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის პრინციპს" - ნათქვამია ახალ სამთავრობო პროგრამაში და აღნიშნულია, რომ შემცირდება მოსახლეობის სიღარიბითა და ხანდაზმულობით გამოწვეული სოციალური რისკები, ასევე, ხელი შეეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. 

კომენტარები