სამთავრობო პროგრამა

ახალი მთავრობა მეცნიერების დაფინანსების ”მნიშვნელოვნად გაზრდას” გეგმავს

0 კომენტარი

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, სადაც განათლება და მეცნიერება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის მოხსენებული. პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იქნება გარანტი ყველა დაწესებულების სასწავლო-აკადემიური თავისუფლებისა და ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის ავტონომიურობის. 

”არსებული ვითარებისა და მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ძირეული რეფორმების განსახორციელებლად ნიადაგის მომზადების, აგრეთვე შესაფერისი და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორიცაა: სისტემის დეპოლიტიზაცია, მანდატურის სამსახურის რეფორმა, განათლების სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმების შექმნა, სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განათლების ყველა დონეზე ფართომასშტაბიანი და ეფექტიანი პროგრამების განხორციელება (უფასო სახელმძღვანელოები, სასკოლო ავტობუსები, 17 უფასო მიმართულება ბაკალავრიატის დონეზე, განახლებული და გაზრდილი სოციალური პროგრამები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეებზე, დოქტურანტურის დაფინანსება, ინკლუზიური განათლებისა და სერვისების დაფინანსება და ა.შ). გატარებული ღონისძიებები დასახული მიზნის მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა”, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში. 

ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა მოქმედებებმა ხელშემწყობი გარემო შექმნა სტრატეგიული განვითარებისათვის. მთავრობა გააგრძელებს განათლების სისტემის მონიტორინგის, შეფასების სქემისა და მექანიზმების განვითარებას და უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტების საჯაროობას.

”დაიხვეწება განათლების დაფინანსების მექანიზმები; ეტაპობრივად გაიზრდება სახელმწიფო  ხარჯები განათლებაზე, ამაღლდება განათლების ხარისხი; უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია და განათლების უწყვეტობა სისტემის ყველა დონეს შორის. განხორციელდება ზოგადი განათლების სტრატეგიის მოდიფიცირება, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც გულისხმობს ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლისათვის ხელშემწყობი გარემოსა და პროგრამების შექმნას, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მოტივაციის გაზრდასა და მათი შეფასების სისტემის სრულყოფას, აგრეთვე საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას.

გაიზრდება ადამიანური რესურსების კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე და მათი დასაქმების შესაძლებლობები პროფესიული განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების მრავალფეროვნების, მათი შრომის, ბაზრის მოთხოვნებთან მჭიდრო კავშირის, ნებისმიერი ასაკისა და შესაძლებლობის მქონე პირისათვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფას. განვითარდება საგანმანათლებლო რესურსები, ამაღლდება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაცია, განვითარდება პროფესიული სასწავლებლების ძლიერი რეგიონალური ქსელი და გაიზრდება პროფესიული განათლების მიმზიდველობა. უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება. კანონმდებლობით განისაზღვრება და დაინერგება მართვის გამჭვირვალე და დემოკრატიული პრინციპები. უზრუნველყოფილი იქნება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობა მართვის პროცესებში. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სამეცნიერო კვლევების უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, შეიქმნება ქმედითი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას. მიმდინარეობს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ორგანიზებისა და მხარდაჭერის ახალი, ევროპული ტიპის სისტემის ფორმირება”, - ნათქვამია პროგრამაში. 

ამასთან, მთავრობა გეგმავს ”მნიშვნელოვნად გაზარდოს” მეცნიერების დაფინანსება; თუმცა 2014 წლის საბიუჯეტო გეგმის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დაფინანსება 2013 წლის გეგმასთან შედარებით 2 მილიონ 416 ათასი ლარით არის შემცირებული. 

ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ამაღლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო პოტენციალი, უმთავრეს ამოცანად გამოცხადდება ნიჭიერი ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა. დაიხვეწება სპეციალური სასწავლო პროგრამები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ”ქართული ეროვნული ცნობიერების” შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. ხელი შეეწყობა საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციას უცხოეთში მცხოვრებ იმ თანამემამულეთა შორის, რომლებიც ვერ ფლობენ ან სათანადოდ ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, აგრეთვე იმ უცხოელთა შორის, რომლებსაც მისი შესწავლის სურვილი ექნებათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები