სამთავრობო პროგრამა

მთავრობა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ახალი რეგულაციებით აპირებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს მთავრობამ სამთავრობო პროგრამა - ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის - გამოაქვეყნა. მასში დაახლოებით 6 გვერდი ეთმობა ეკონომიკურ პოლიტიკას ზოგადად და ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებებს. სამთავრობო პროგრამაში ციფრები მოცემული არ არის და მხოლოდ ძირითადი დებულებებია გადმოცემული.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომელიც გულისხმობს საკუთრების უფლების განუხრელ დაცვას, ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და კერძო სექტორის თავისუფლებას მცირე, ეფექტიანი და გამჭვირვალე მთავრობის პირობებში.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ამ ძირითადი მიზნის მიღწევას მთავრობა შეეცდება კონკურენციის სააგენტოს შექმნით, არბიტრაჟების განვითარებით, რეგულირების გავლენის შეფასების სისტემის ჩამოყალიბებით, ვაჭრობის დაცვით და სხვა ღონისძიებებით.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიზანია განავითაროს საჯარო-კერძო პარტნიორობა ეკონომიკაში კერძო სექტორის როლის ზრდისა და სახელმწიფო რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით. ასევე, სახელმწიფო ქონების რაციონალური გამოყენება და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა, მისი კერძო საკუთრებაში მოქცევის გზით.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მთავრობა აპირებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის გატარებას, რომლის ძირითადი პრინციპები მომავალში ჩამოყალიბდება.

მთავრობის მიზანია ასევე ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაცია. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ამის წინაპირობაა DCFTA-ის იმპლემენტაცია. "ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და სახელმწიო შესყიდვების სფეროებში", - აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, "საქართველოს მიზანია ყველა მეზობელ და რეგიონის ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან, სტაბილური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საექსპორტო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას".

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო სისტემის, სამოქალაქო ავიაციის სფეროს, ინფორმატიზაციის, კვლევების, ტურიზმის და საკონფერენციო ტურიზმის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიზნით, დიასპორებთან ურთიერთობა. 

კომენტარები