რელიგიის თავისუფლება

ომბუდსმენი იმ პირთა დასჯას მოითხოვს, ვინც იეჰოვას მოწმეთა ნაგებობას ესროლა

ombudsman.ge

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, გამოიძიოს ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში იეჰოვას მოწმეთა "სამეფო დარბაზისთვის" (რელიგიური თავშეყრის ადგილი) ცეცხლის გახსნის ფაქტი და ეფექტური ღონისძიებები გაატაროს დამნაშავე პირთა გამოსავლენად. ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, დასჯადია. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს. უცნობმა პირმა სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. დაზიანებულია შენობის ფასადი. იეჰოვას მოწმის მამუკა წულაიას განცხადებით, მათ არ დაუნახავთ ვინ გაისროლა შენობის მისამართით. მისივე განმარტებით, საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს პოლიციის ზედა ეწერის განყოფილებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სოფელ ზედა ეწერში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის შენობას უცნობმა პირებმა გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ ორჯერ ესროლეს, რის გამოც შენობის ფასადია დაზიანებული.

კომენტარები