ექსპრემიერი ივანიშვილი

ივანიშვილი: აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლებაზე ზეგავლენის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს წერილში, სათაურით - ”პოსტკრიპტუმი”, პასუხობს . ივანიშვილის თქმით ამ წერილით იმ ერთადერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მის განცხადებას მოჰყვა. ”ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა - ხომ არ ვაპირებ კულუარულად ვმართო ქვეყანა” - წერს ივანიშვილი.

ექსპრემიერი ასეთ მოსაზრებებს აბსურდულად მიიჩნევს და მაგალითად მისი წარსული მოჰყავს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის, როგორც რჩევებით, ისე მატერიალურად ეხმარებოდა წინა მთავრობასაც, თუმცა მათთვის სანაცვლოდ არაფერი უთხოვია და არც ქვეყნის მართვაში მიუღია მონაწილეობა. ივანიშვილის თქმით, მან ხელისუფლების ზენიტში მყოფმა, დავტოვე ხელისუფლება.

”ეს, ალბათ, ძნელი გასაგებია ბევრისთვის, რადგან ვერავინ დაასახელებს პოლიტიკოსისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის მაგალითს. შეიძლება სწორედ ეს აბნევთ ვიღაცებს, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ლიდერისთვის ერთ-ერთი უმთავრესიმოტივაცია, ამოცანა და მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყნის მართვა და თავისი შეხედულებით სახელმწიფო საქმეების გაძღოლა.

მინდა მივმართო ყველას - ნუ დავრჩებით თითქმის ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპის ტყვეობაში, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

 

კომენტარები