0 კომენტარი

იაფი ელექტროენერგია და მოსალოდნელი შედეგები

თითქმის სამი ათწლეული გავიდა და საქართველოში ისევ ისმის ერთი და იგივე შეკითხვა, უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი გათვლებით ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ნახავს, რაც სვანეთის მოსახლეობაზე უშუალოდ აისახება, გარემოსდამცველები და სვანეთის 14 სოფლის მოსახლეობის ნახევარი, ინვესტიციის წინააღმდეგია. ეს ის სოფლებია, რომლებიც ხუდონჰესის კაშხლის აშენების შემდეგ, წყალქვეშ აღმოჩნდება.

ენერგეტიკულ-ეკონომიკური ეფექტი

ხუდონჰესის პროექტი, ბევრ სხვა დეტალთან ერთად, მოიცავს კაშხლის, რეზერვუარის და 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას. მისი სიმძლავრე 700 მეგავატია. ეს ყოველწლიურად 1.4 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას ნიშნავს. წინასწარი გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობის შემდეგ, ქვეყნის გენერაცია დამატებით 20%-ით გაიზრდება.

ხუდონი ენგურჰესის შემდეგ ყველაზე მძლავრი სადგური იქნება საქართველოს ენერგოსისტემაში, რაზეც ქვეყნის ჰიდროგენერაციის დაახლოებით 16% იქნება დამოკიდებული. ამასთან, ხუდონჰესის აშენება ენგურჰესს და ვარდნილჰესს საშუალებას მისცემს, გამოიმუშავონ დამატებითი ენერგია, ყველანაირი ინვესტიციის გარეშე. სხვადასხვა გათვლებით, ეს იქნება 300-476 მილიონი კილოვატსაათი დამატებითი ენერგია. გამოდის, რომ საქართველო აუშენებლად მიიღებს კიდევ ერთ ჟინვალჰესს უიაფესი ენგურჰესის ენერგიით, რომლის ფასი 1.18 თეთრია.

დამატებითი ენერგიის პირობებში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა გაიზრდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავს, დღევანდელი მდგომარეობით, 700 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას საქართველო რუსეთის ფედერაციისგან ყიდულობს. კილოვატსაათის ფასი 6.64 ცენტია. მისივე თქმით, ბოლო 6-7 წლის მანძილზე მოხმარება იზრდება 5-10%-ით. ამასთან, ელექტროენერგიის ფასი იზრდება 7-8-10%-ით.

ელექტროენერგიის წარმოება ეკონომიკურ ზრდას პირდაპირ ებმის. შესაბამისად, თუ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლებში ეკონომიკა გაიზრდება, იმასაც ვვარაუდობთ, რომ გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ენერგეტიკის სამინისტროს გათვლებით, ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ გაიზრდება როგორც დეფიციტი, ისე იმპორტის ფასი – შესაბამისად, 2018 წელს დეფიციტი იქნება მინიმუმ 1 მილიარდი კილოვატსაათი, ხოლო ფასი 8-დან 10 ცენტამდე. რაც შეეხება მხოლოდ ხუდონის მიერ გამომუშავებულ 200 მილიონამდე კილოვატსაათს, ის ხუდონჰესის ექსპლოატაციაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში 5.64 ცენტი ეღირება. ენგურის და ვარდნილის მიერ გამომუშავებული დამატებითი იაფი ენერგიის გათვალისწინებით, ამ პერიოდში საქართველოს ექნება სულ მცირე 450 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია, რომელიც 2.5 ცენტი ეღირება.

ენერგეტიკის სამინისტროს გათვლებით, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ფასი, სულ მცირე 10-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე მისი გასაყიდი ფასი. ამის გარდა, ყოველ წელიწადს 50 მილიონი დოლარი ანუ ის თანხა, რომელიც სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციისთვის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის უნდა გადაეხადა, ქვეყნის ბიუჯეტში დარჩება, რაც 10 წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდი დოლარია.

2011 წლიდან ჰესის აშენებას კომპანია ტრანსელექტრიკა აპირებს. ინვესტიციის საერთო მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია. კომპანია ქონების გადასახადს უკვე მესამე წელია იხდის – სვანეთის ბიუჯეტში ყოველწლიურად 600 ათასი დოლარი შედის.
კომპანიის მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები ჰესის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად მოიმატებს. ხუდონჰესის ოპერირების პერიოდში, კომპანია ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად გადაიხდის 20 მილიონ ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, 20 მილიონ ლარს მშენებლობის პერიოდში, ხოლო 4.5 მილიონ ლარს დამატებით მშენებლობის შემდეგ, როცა 350 ადამიანი იქნება დასაქმებული და თითოს საშუალო ხელფასი 1700-1800 ლარი იქნება. ენერგოტრანზიტის ხაზში კომპანია გადაიხდის 19 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ელექტროენერგია ყოველ წელს თურქეთის მიმართულებით გაატაროს. მოგების გადასახადის სახით გადაიხდის 20 მილიონ ლარს ყოველწლიურად. სავაჭრო დეფიციტი შემცირდება 8%-ით, ხოლო ქვეყნის მშპ გაიზრდება 1.1%-ით.

სოციალურ-კულტურული მხარე

აღნიშნული ენერგეტიკულ-ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად სვანეთის 14-მდე სოფელი უნდა დაიტბოროს. ეს მთელი სვანეთის ტერიტორიის 0.17%-ის წყლით დაფარვას ნიშნავს. სულ 184 ოჯახის ანუ 769 ადამიანის გასახლება უნდა მოხდეს. 90-მა ოჯახმა ხატზე დაიფიცა, რომ ხუნდოჰესის მშენებლობას არ დაუშვებს. მათ ამისთვის ორი ძირითადი მიზეზი აქვთ – კომპენსაციის განსაზღვრის წესი და საფლავები, ეკლესია და კულტურული ძეგლები, რომლებიც შეიძლება წყალქვეშ მოექცეს.

ტრანსელექტრიკა აღიარებს, რომ ინვეტიციის ყველაზე რთული კომპონენტი, მოსახლეობის განსახლებასთან დაკავშირებული საკითხებია. თუმცა კომპანიის წარმომადგენლის ნინო ასათიანის თქმით, დატბორვასთან დაკავშირებული პრობლემები გაზვიადებულია – მაგალითად, არავინ აპირებს საფლავების და ეკლესიის დატბორვას, ან კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. მეტიც, ინვესტორი კომპანია სვანეთის ტერიტორიაზე ახალი სოფლის აშენებას და საფლავების, ეკლესიის და კულტურული ძეგლების იქ გადატანას გეგმავს.

კომპანიის წარმომადგენელი კომპენსაციის განსაზღვრის წესსაც განმარტავს: ტრანსელექტრიკა მოსახლეობაზე კომპენსაციების ანაზღაურებას მსოფლიო ბანკის სტანდარტის მიხედვით აპირებს. ამ სტანდარტის მიხედვით, კომპანიამ უნდა აღრიცხოს მოსახლის ქონება; რისი შენარჩუნებაც მოსახლეს სურს, ის ქონება არ უნდა დაუზიანოს; რისი გადატანაც შეუძლებელი იქნება, შესაბამისად უნდა აანაზღაუროს – დაუშვებელია, მოსახლემ თავისი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები მიიღოს. ტრანსელექტრიკა მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებელი აუდიტიც ჩაატარონ, თუკი ამის სურვილი ექნებათ.

განსახლებას ებმის კიდევ ერთი პრობლემა – მიწების საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული წინააღმდეგობა: თავის დროზე, მიწები, რომლებიც არავის სახელზე დარეგისტრირებული არ იყო, სახელმწიფომ თავის თავზე დაირეგისტრირა და ინვესტორ კომპანიას გადასცა. საუბარია 1400 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელიც სადგურის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად სახელმწიფო მართალი იყო, ახლა მოსახლეობა ჩივის, რომ მიწები მათ ეკუთვნოდათ (საძოვრები, სავარგულები და ა.შ.) და სახელმწიფომ ისინი უკანონოდ გაყიდა. ტრანსელექტრიკამ მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ მოსახლეობას დაუბრუნოს ეს მიწები, საკუთარი ხარჯებით დაურეგისტრიროს და შემდეგ უკან გამოისყიდოს. ამ მიზნით კომპანიამ გამოცდილი კანადური კომპანია REPLAN-ი დაიქირავა.

ტრანსელექტრიკას წარმომადგენელი ნინო ასათიანი იმ პირდაპირ და ირიბ სარგებელზეც საუბრობს, რასაც სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა და ქვეყანა ხუდონჰესის აშენებით ნახავს. ასათიანის თქმით, ხუდონჰესის მშენებლობის პროცესში 4 ათასი ადამიანი დასაქმდება. განვითარდება დამხმარე ინდუსტრიებიც – მაგალითად, სამშენებლო მასალების წარმოება, საპროექტო და კვლევითი სამუშაოები, რადგან სწორედ ჰესის აშენებაზე იხარჯება ყველაზე დიდი თანხა – ინვესტიციის დაახლოებით 60%. გრძელვადიან პერსპექტივაში, ხუდონის ინვესტიცია ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. ისევ აქტუალური გახდება ჰიდროენერგეტიკოსის და ელექტროინჟინრის სპეციალობები – დღეს ამ დარგის სპეციალისტების საკმაოდ დიდი ნაწილი კომპანიებს უცხოეთიდან ჩამოჰყავთ.

კომპანია აქცენტს გააკეთებს სვანეთის ახალგაზრდა მოსახლეობაზე, რომლებსაც საკუთარი ხარჯებით გადაამზადებს. ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ, ხუდონჰესზე დასაქმებული იქნება 400-მდე ადამიანი.

ზეგავლენა გარემოზე

არგუმენტები საკმარისი არ არის გარემოსდამცველებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ სვანეთი სეისმურად არამდგრადია, დიდია მეწყრის საშიშროება, ხოლო ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება, გაზრდის ტენიანობას, რაც მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნის.

გარემოსდამცველები მოითხოვენ, ხუდონჰესის აშენების მაგივრად, მომზადდეს ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების ერთიანი სტრატეგია, აშენდეს მცირე ჰესები, მოხდეს არსებულების რეაბილიტაცია და გადამცემ ხაზებზე დანაკარგების შემცირება.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გარემოსდამცველთა პოზიციას „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ახირება" უწოდა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები მიზანმიმართულად ხდება, რადგან არსებობენ ძალები, რომლებიც ხე-ტყის ბიზნესით არიან დაკავებულები.

სპეციალისტების შეფასებით, მცირე ჰესები არ არის რენტაბელური და ისინი გახსნიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიხურება, რადგან ვერ შეძლებს საკუთარი ხარჯების დაფარვას. გარდა ამისა, მცირე ჰესები ვერ უზრუნველყოფს მთავარი პრობლემის გადაჭრას: საქართველოს ელექტროენერგია სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით აკლდება და ამიტომ იმპორტს ეწევა. კაშხლიანი ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება წყლის შენახვა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როცა საქართველოს ელექტროენერგია ჭარბად აქვს და ექსპორტზეც გააქვს.

წინასაარჩევნო დაპირებების ბუმერანგი

არგუმენტები და კონტრარგუმენტები მრავლადაა, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მისივე წინასაარჩევნო დაპირებები მუშაობს. მაგალითად, ქართული ოცნების კოორდინატორი თამარ ფირცხელანი მმართველი გუნდისგან მათივე წინასაარჩევნო პირობის შესრულებას მოითხოვს. მისი თქმით, 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი სვანეთში ჩავიდა, მას სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები შეხვდნენ. პირველი საკითხი, რაც სვანებმა დააყენეს, იყო კატეგორიული მოთხოვნა, რომ ჰესი არ აშენებულიყო. როგორც ფირცხელანი ამბობს, ამის დაპირება მიიღეს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პოზიცია შეიცვალა. პრემიერმა სვანებს ურჩია, ხუდონჰესის აშენების საკითხს „გაგებით მოეკიდონ". ბიძინა ივანიშვილს პოზიცია ვერც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეაცვლევინა, რომელმაც პრემიერს ძვირადღირებული საჩუქარიც კი გადასცა.

„პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ორ ადგილზე ჰესი არ აგვეშენებინა – ხდის ხეობაში, სადაც თურმე ხეობას წყალი დააკლდება და მეორე თხოვნა იყო ხუდონჰესზე, სადაც წყალი მოემატება. მე ვთხოვე პატრიარქს, ამ პროექტებისთვის მხარი დაეჭირა და მისმა უწმინდესობამ კარგად გაიგო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია. აუცილებლად უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდეს მეტი ელექტროენერგია. ეს შექმნის საფუძველს, დაფუძნდეს მრავალი ტიპის საწარმო. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს უნდა გავაცნობიეროთ", – განაცხადა ივანიშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აღიარებს, რომ მსგავსი დაპირებების გაცემა მმართველი გუნდის მხრიდან შეცდომა იყო და ამბობს, რომ ხუდონი უნდა აშენდეს, ხოლო ხელისუფლება თავისი წინასაარჩევნო დაპირებების მძევალი არ უნდა გახდეს.

Eminent Domain

Eminent Domain არის სახელმწიფოს კანონიერი უფლება, საზოგადოებრივი საჭიროების სახელით, მოსახლეობას ჩამოართვას კერძო საკუთრება იძულებით, მათი თანხმობის გარეშე.

საქართველოში სახელმწიფოსთვის ამ უფლებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ. კანონის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კერძო ქონების ექსპროპრიაცია შეიძლება მოხდეს შემდეგი სამუშაოების ჩატარებისთვის: გაზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რკინიგზის ხაზების გაყვანა, ნედლი ნავთობის, ბუზნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა, ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა, წყალმომარაგების, კანალიზაციის და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების, ასევე, სატელეფონო ხაზების და სატელევიზიო კაბელების გაყვანა, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ნაგებობების და ობიექტის მშენებლობა, ეროვნული თავდაცვისთვის საჭირო სამუშაოები და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

კანონის მიხედვით, იმისთვის, რომ სუბიექტს კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭოს, საჭიროა მინისტრის ბრძანება და სასამართლოს თანხმობა. ეს სუბიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ანაც საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.

კანონის მიხედვით, სანამ პირი რეალურად განახორციელებს ქონების ექსპროპრიაციას, ის მესაკუთრეს კომპენსაციაზე უნდა შეუთანხმდეს. ამისთვის, ეს ქონება ექსპროპრიატორმა უნდა შეაფასოს. მესაკუთრემ შეფასებულზე ნაკლები კომპენსაცია არ უნდა მიიღოს. უნდა აღირიცხოს ყველანაირი ქონება, მათ შორის ისიც, რაც შეიძლება უმნიშვნელოა და ნაკლებად ღირებული, მაგრამ შესაძენ ქონებასთან არის კავშირში და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია.
კანონის მიხედვით, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, მათ აქვთ უფლება ურთიერთობები სასამართლოში გაარკვიონ. ამ შემთხვევაში ქონებას აფასებს ჯერ დამოუკიდებელი ექსპერტი, თუმცა ამ შეფასების და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

კანონის მიხედვით, ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული ყველანაირი ხარჯის ანაზღაურება ეკისრება ექსპროპრიატორს.

ხუდონჰესის აშენება 2014 წლის 1-ლი მარტიდან უნდა დაიწყოს. მთავრობას პირდაპირ არ განუცხადებია, რომ ამ კანონს აამოქმედებს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხაზგასმით იმეორებენ, რომ კანონის დარღვევა არავის ეპატიება – არც ინვესტორს და არც ადგილობრივ მოსახლეობას.

კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც. მომხრეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ყოველთვის ხდება საჭირო ახალი გზების, მაგისტრალების, გაზსადენების თუ ჰესების აშენება. სახელმწიფო ამოდის იმ დაშვებიდან, რომ მოსახლეობა უფრო მეტად მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული და, საკუთარი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, გრძელვადიანი განვითარების აღქმა უჭირს. ამით სახელმწიფო ამართლებს თავის უფლებას, საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მოახდინოს კერძო ქონების ექსპროპრიაცია და ამით დააჩქაროს განვითარების გარდაუვალი პროცესი. ის, რომ თავად სახელმწიფოც ბოლომდე ვერ ამართლებს კერძო ქონების ხელყოფას თუნდაც უფრო მაღალი მიზნებისთვის, იქიდანაც ჩანს, რომ ის მოქალაქეებს ჰპირდება, რომ თავიანთი ქონებისთვის კომპენსაციას მიიღებენ. ამ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ მოსახლეობა ან საერთოდ ვერ მიიღებს კომპენსაციას, ანაც კომპენსაცია საბაზრო ღირებულების არაადეკვატური იქნება, გაიზრდება. ამასთან, გაიზრდება საფლავების, ეკლესიის და სხვა კულტურული ძეგლების გადატანასთან დაკავშირებული რისკებიც. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როცა სახელმწიფო კომპენსაციას გასცემს, ყოველთვის ჩნდება კითხვა – რამდენად სამართლიანია ქონების ანაზღაურება?

ქონების ექსპროპრიაციის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია სახელმწიფომ განსაზღვროს ეკონომიკური სამართლიანობა. თავისუფალ ბაზარზე, სადაც ორივე მხარე იძულების გარეშე თანხმდება ანაზღაურებაზე, ეს ანაზღაურება ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართლიანი, რადგან ტრანზაქციით კმაყოფილი რჩება როგორც ერთი, ისე მეორე მხარე.

სახელმწიფო, ბაზარზე არსებული მოთამაშეებისგან განსხვავებით, თავის ტრანზაქციას თავისუფალი მოლაპარაკებისა და შეთანხმების ფორმატში არ ახორციელებს, ის სხვის ქონებას მუქარის ან ძალადობის ფორმით ეუფლება. ფაქტია, რომ როდესაც სახელმწიფოს კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების გამოყენება სჭირდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობას კომპენსაციის სახით არ სთავაზობენ ისეთ წინადადებას, რაც მისთვის უფრო ღირებული იქნებოდა, ვიდრე არსებული ქონება – ეს რომ ასე იყოს, ის ქონების გაცემაზე თვითონაც დათანხმდებოდა. ამდენად, რამდენსაც არ უნდა საუბრობდეს სახელმწიფო, რომ მაღალი კომპენსაციები გასცა, ამას ვერაფერი ექნება საერთო ეკონომიკურ (საბაზრო) სამართლიანობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს „თავისი" ფული არ გააჩნია (კერძო ინვესტორისგან განსხვავებით), შესაბამისად, როცა ის კომპენსაციას გასცემს, ეს თანხა გადანაწილების შედეგია – ვიღაცას ართმევს იმისთვის, რომ კომპენსაცია გადაიხადოს. აქაც არ არის სამართლიანობა.

კიდევ ერთი ხშირი დაშვება ის არის, რომ რადგან კერძო კომპანიას, ამ შემთხვევაში ინვესტორს, თავისი ინტერესები ამოძრავებს, ის ყველანაირად შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები კომპენსაცია გასცეს. ასეთი დაშვება ცალმხრივია, რადგან, მეორე მხრივ, სწორედ იმიტომ, რომ ინვესტორს მაღალი ინტერესი აქვს, ხოლო კერძო ქონების ექსპროპრიაციის უფლება მას კანონით არ გააჩნია თუ ამას ჯერ ეკონომიკის მინისტრი და შემდეგ სასამართლო არ გადაწყვეტს, კერძო ინვესტორი უფრო მზადაა მოლაპარაკებისთვის, ვიდრე სახელმწიფო. შესაბამისად, მოსახლეობასაც მეტი შესაძლებლობა აქვს საკუთარი ინტერესები გაატაროს და ისეთი კომპენსაცია მიიღოს, როგორიც მის მოლოდინთან ყველაზე ახლოს იქნება.

საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, ექსპროპრიატორს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით, ინვესტორს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს თავისი კავშირები, დაიქირავოს გამოცდილი ადვოკატი და ა.შ., ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის არგუმენტები, როგორც წესი, უფრო მეტად ემოციურია, ვიდრე პრაგმატული, გამოდის, რომ თუ საქმე ექსპროპრიაციამდე მივიდა, „სამართლიანი კომპენსაციის" შანსი კიდევ უფრო მეტად მცირდება.

ხუდონის მოკლე ისტორია

საქართველოში, სადაც 26 ათასი მდინარეა, წლიური 15 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს ყოველწლიურად 80 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღების პოტენციალს.

დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის საქართველოში სამი მდინარეა მიმზიდველი – ენგური, რიონი და მტკვარი. ხუდონის ელექტროსადგური ენგურის კასკადების სისტემის ნაწილია. ეს სისტემა დღეს ორ ჰიდროელექტროსადგურს – ენგურსა (1320 მეგავატი) და ვარდნილს (220 მეგავატი) – მოიცავს. ორივე სადგურის ერთად მუშაობით 5.5 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიაა ათვისებული. მდინარე ენგურის ჰიდრორესურსების პოტენციალი 2-ჯერ მეტად – 10.3 მილიარდ კილოვატსაათად არის შეფასებული. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, ხუდონის გარდა, კიდევ სამი ჰესის აშენებაა საჭირო.

ხუდონჰესის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო – გაიყვანეს ჰესამდე მისასვლელი გზა. წყლის მიმწოდებელი ტურბინებისა და შემდეგ ამ წყლით ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელი გენერატორების მოსათავსებლად მოამზადეს მთა, რომლის შიგნითაც კილომეტრობით გვირაბები გათხარეს. გამოიყო ადგილიც, სადაც კაშხალს და რეზერვუარს ააშენებდნენ.

1989 წელს მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი გარემოსდაცვით და სეისმურ რისკებზე სხვადასხვა ჯგუფების აპელირება გახდა. სეისმური რისკები დღის წესრიგში 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დადგა.

90-იანი წლების ენერგოკრიზისმა, ხუდონის აშენება დღის წესრიგში ისევ დააყენა. სხვადასხვა გათვლებით, 1989 წელს საქართველო საკუთარი ძალებით გამოიმუშავებდა 13.6 მილიარდ კილოვატსაათ ენერგიას, მოიხმარდა 18.5 მილიარდ კილოვატსაათს და 4.5 მილიარდი კილოვატსაათი ენერგიის იმპორტს ეწეოდა. 1990-94 წლებში ელექტროენერგიის წარმოება 6.9 მილიარდ კილოვატსაათამდე შემცირდა.

მოგვიანებით, ხუდონჰესის დიზაინი ისეთნაირად შეიცვალა, რომ რიხტერის შკალით 8 ბალის ნაცვლად, 9-ბალიანი მიწისძვრისთვის გაეძლო. ამ მოდიფიკაციამ ის გამოიწვია, რომ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა თავდაპირველი 1.7 მილიარდი კილოვატსაათიდან დღევანდელ 1.4 მილიარდ კილოვატსაათამდე შემცირდა.

2006 წელს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული რისკები მსოფლიო ბანკმა შეისწავლა. 2009 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმალურია ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობის გამო – ხუდონჰესი მდინარე ენგურზე არსებულ სხვა ჰიდროელექტროსადურებთან შედარებით, ყველაზე მაღლაა. სეისმურ რისკებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებით, ადგილად შეიძლება მათი დაძლევა ისე, რომ ამან ელექტროენერგიის მოცულობის შემცირება არ გამოიწვიოს და მიღებული ელექტროენერგია არ გააძვიროს.

იაფი ელექტროენერგიის ეფექტი

იაფი ელექტროენერგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე. ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობას განსაზღვრავს ეკონომიკის პროდუქტიულობა. იმას, თუ რამდენად პროდუქტიულია ეკონომიკა, განაპირობებს იმ პროდუქტების და სერვისების ღირებულება, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს მის ხელთ არსებული კაპიტალის, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით. იმას, თუ რამდენად ღირებულია ამა თუ იმ ქვეყნის მიერ შექმნილი პროდუქცია თუ სერვისი, განსაზღვრავს, ერთი მხრივ, მათი საბაზრო ფასი და, მეორე მხრივ, ის, თუ რამდენად ეფექტურია მათი წარმოება. თუ ქვეყნის ეკონომიკა პროდუქტიულია, ცხოვრების დონეც მაღალია – მაღალი ხელფასებით, ძლიერი ვალუტით და კაპიტალის ზრდის სწრაფი ტენდენციით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მისი პროდუქტიულობის დონე განსაზღვრავს.

გლობალურ ბაზარზე სულ უფრო რთული ხდება სხვა ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა წარმოებისა და სერვისის კუთხით, თუ ახალ ტექნოლოგიებს არ ნერგავ. განვითარებად ქვეყნებს ამის ფუფუნება ხშირად არ აქვთ. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსშიც, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ადგენს, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები სწორედ ტექნოლოგიური მზაობისა და ინოვაციის კუთხით აქვს.

აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რის მეშვეობითაც ქვეყანაში შემოდის არა მხოლოდ წარმოებისთვის საჭირო თანხები, არამედ ტექნოლოგიური ცოდნაც.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმ ქვეყანაში უფრო ადვილად შედის, სადაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, წარმოების ხარჯები დაბალია და მუშახელი – იაფი. როდესაც ელექტროენერგიის ტარიფი დაბალი და სტაბილურია, ამ ხარჯის გაკონტროლება ბიზნესისთვის იოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს მეტი ფული რჩება რეინვესტირებისთვის, გაფართოებისთვის, მეტი პროდუქციის წარმოებისთვის და უკეთესი სერვისის გაწევისთვის. ამასთან, ოჯახებსაც ნაკლები თანხის გადახდა უწევთ გადასახადის სახით და მეტი შემოსავალი რჩებათ პროდუქციის შესაძენად.

ტექნოლოგიური განვითარება არა მხოლოდ ზრდის ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ამ ზრდის სტრუქტურასაც ცვლის: ის სექტორები და ფირმები, რომლებიც ძველ ტექნოლოგიებთან ასოცირდება, სუსტდება და გზას უხსნის ახალ სექტორებსა და ფირმებს, რომლებიც ბაზარზე ჩნდება და იზრდება. შესაბამისად, უფრო პროდუქტიული და მოგებიანი სექტორები და ფირმები ანაცვლებენ ნაკლებად მოგებიანებსა და პროდუქტიულებს, რის შედეგადაც, ეკონომიკის მთლიანი პროდუქტიულობა მატულობს და იზრდება დასაქმება. ამით კი მოგებული რჩება ყველა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები