კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი

სამინისტრო: კანონი არ დააკნინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში მთავრობის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან დააკნინებს ქვეყანაში კულტურული მემკვიდროების დაცვის მნიშვნელობას. 

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი განმარტებები აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თაობაზე.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან დააკნინებს ქვეყანაში კულტურული მემკვიდროების დაცვის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმადაც, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სათანადოდ შეისწავლოს ის წინაპირობები და კრიტერიუმები, რომლებიც დადგენილია ძეგლის სტატუსის მოსახსნელად.

კერძოდ, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კანონის მე-17 მუხლის იმ ნაწილზე, რომელიც სტატუსის მოხსნის საფუძვლად უთითებს მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით იმ ძირითადი მახასიათებლების დაკარგვას, რომლის გამოც ობიექტს თავის დროზე მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

აღნიშნულთან მიმართებაში საინტერესოა, რომ წინა წლებში რიგ ობიექტებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამეცნიერო კრიტერიუმების უგულებელყოფით, მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან დაკავშირებული ისტორიული ან კულტურული ღირებულების შეფასების გვერდის ავლით. აღნიშნული გარემოების ამსახველი ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება, რომლითაც 4075 ობიექტს ერთდროულად მიენიჭა ძეგლის სტატუსი ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, მსგავსი სახის ფაქტები ბადებს კითხვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების ადეკვატურობასა და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

ცალსახაა, რომ მითითებულ პერიოდში ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეული კითხვის ნიშნების მატარებელია და აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი მიღების დასაბუთებულობა კანონით დადგენილი მეცნიერული კრიტერიუმების შეფასების კუთხით. ხოლო ამ ტიპის ობიექტებისთვის, რომლებსაც მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების დროს არ გააჩნდათ შესაბამისი დასაბუთებები და მახასიათებლები, სტატუსის მოხსნის საკითხი ბუნებრივად ხდება პრობლემური, რადგან კანონით გათვალისწინებული საბჭო, რომლის დასკვნაც არის სავალდებული ძეგლის სტატუსის მოხსნაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რეალურად ვერ ახდენს იმ გარემოებებისა და საფუძვლების გადამოწმება/შედარებას, რომლის გამოც ძეგლს თავის დროზე მიენიჭა ძეგლის სტატუსი. კანონის მე–17 მუხლის თანახმად კი, ძეგლს შესაძლებელია ასევე მოეხსნას ძეგლის სტატუსი თუ მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, ძეგლმა დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ რედაქციას, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის დროს, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, სტატუსის მოხსნა შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე - ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი, გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას, რაც რა თქმა უნდა განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების დასაბუთების, ეკონომიკური ეფექტების ანალიზისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული შეფასებების საფუძველზე.

ამდენად, საქართველოს მთავრობა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს კოლეგიურ ორგანოს, კომპლექსურად შეაფასებს საკითხს, მის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას, იმსჯელებს მოსალოდნელ ეკონომიკურ ეფექტებზე, ძეგლის მნიშვნელობასა და მისთვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობაზე, მოსალოდნელ შედეგებზე და მხოლოდ აღნიშნული მსჯელობისა და განხილვის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მიგვაჩნია, რომ კულტურის სამინისტროს ჩართულობის ფაქტორი თავისთავად გამორიცხავს ამ პროცესში ობიექტის კულტურული და სამეცნიერო ღირებულების უგულებელყოფის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იქნება უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ვიდრე ეს არის მოქმედი კანონმდებლობით ძეგლის სტატუსის მოხსნისთვის დადგენილი წესი, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალურად საქართველოს კულტურის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნოს - ის ფაქტი, რომ წინა წლებში მთელ რიგ ობიექტებზე ძეგლის სტატუსი მინიჭებულია სათანადო დასაბუთებისა და დასკვნების გარეშე, დღესდღდეობით წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ძეგლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაბამისი ძეგლისთვის მოხდეს სტატუსის მოხსნა. ეს ბუნებრივია, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია უარყოფითად აისახოს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობებისა და ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით და ასევე კონკრეტული მოქალაქეების ინტერესებზე, რომელთა საცხოვრებელ სახლებსაც თავის დროზე მიენიჭათ ძეგლის სტატუსი და რომლებიც დღეს რიგი პრობლემების წინაშე დგანან მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ხორციელდება მათი საცხოვრებელი სახლებისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა.

ინვესტიციების მოზიდვა და საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება წარმოადგენს ქვეყნის ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის დროული მოწესრიგება და ადეკვატური რეგულირების მექანიზმების დადგენა, ისე რომ დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები, როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს ძირითად ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ - მხოლოდ დადებითად შესაძლებელია შეფასდეს, რომ აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში გამოიწვია სათანადო ინტერესი და წარმოშვა შესაბამისი დისკუსია", - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, პარლამენტში კულტურული მემკვიდრეობის შესახე" კანონში ცვლილებათა პროექტი შევიდა, კერძოდ, ძეგლის სტატუსის მოხსნა განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამარტივდეს.

კომენტარები