ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონში ცვლილება

ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონში ცვლილებებზე შეხვედრა იმართება

mrdi.gov.ge

ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონში ცვლილებაზე მრგვალი მაგიდა იმართება, სადაც ერთმანეთს მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხვდებიან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განმარტა ის სიახლეები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კოდექსში იგეგმება.

”ჩვენი უმთავრესი პრინციპია, რომ არჩეული ხელისუფლება და ამომრჩეველი იყოს ერთმანეთთან ახლო კონტაქტში. ადგილობრივმა მოქალაქეებმა განცხადებები პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან და სამინისტროებში კი არ აგზავნონ, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ადგილზე სწრაფად მიიტანონ და იმანვე მოაგვაროს ეს ყველაფერი, ადგილობრივ ხელისუფლებას ამის გასაკეთებლად დამატებითი რესურსები და რეალური ბიუჯეტი ექნება”, - განაცხადა ნარმანიამ.

არასამთავრობოებმა კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავეს. მათი აზრით, არ უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა და გუბერნატორების უფლებამოსილება, რადგან ეს საფრთხის შემცველია.

”სამთავრობო კანონპროექტის ავტორებს არ აქვთ გათვალისწინებული უსაფრთხოების ასპექტები, რაც უმნიშვნელოვანესია. ჩვენ საქმე გვაქვს არა მარტო თვითმმართველობის არჩევის ახალ მოდელთან, არამედ ფაქტობრივად ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ახალ შემოთავაზებასთან. ეს რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს მრავალეთნიკურ ქვეყანაში, კანონპროექტის ავტორებს გათვლილი არ აქვთ”, - განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

კომენტარები