ქართველი სამხედროები

ალასანია: პრეზიდენტი იქნება შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის გარანტი

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გვერდში დაუდგება და გაუძღვება ქართულ შეიარაღებულ ძალებს. ვაზიანში, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის დაჯილდოების ცერემონიალზე ალასანიამ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს. 

“მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება მთავარი გარანტი ჩვენი უწყების, შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის. საქართველოს პრემიერმინისტრმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გააკეთებს ყველაფერს, გვერდში დაუდგეს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას. მე მინდა ვუსურვო ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რომ გავაგრძელოთ ისეთივე სულიერი სიმხნევითა და სიმტკიცით ჩვენი ქვეყნის სამსახური, როგორითაც აქამდე აკეთებდით”, - განაცხადა ალასანიამ და შეიარაღებულ ძალებს მიღწეული შედეგები მიულოცა.

“ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალური შტაბის უფროსო, ბატონო ოფიცრებო, საქართველოს ჯარისკაცებო, მე მინდა დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, პირველად ეწვია შეიარაღებულ ძალებს, მოგილოცოთ ის დიდი მიღწევები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, მიაღწიეთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მე მინდა ქედი მოვიხარო მეოთხე ბრიგადის იმ ვაჟკაცი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ჩვენი ოჯახების, მომავლის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ოჯახების მოვლა და მათი სახელების პატივისცემა არის ჩვენი მოვალეობა”, - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს გიორგი მარგველაშვილმა მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ირაკლი კალანდაძეს საბრძოლო დამსახურებისთვის სახელმწიფო მედალი გადასცა. პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა ამავე ბატალიონის პირადი შემადგენლობის კიდევ 15 სამხედრო.

კომენტარები