საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

მაჭავარიანი: ფარცხალაძის დანიშვნით, დაკავებების ახალი ტალღის დაწყებას ველით

ka.wikipedia.org

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნით, შესაძლოა, დაკავებების ახალი ტალღა დაიწყოს. ამის შესახებ მაჭავარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გულწრფელად გეტყვით, მთავარი უკმაყოფილება ხელისუფლებაში იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ეკონომიკაში რაღაცას ვერ მიაღწიეს, ბენზინის ფასი ერთი ლარით ვერ შეამცირეს, ელექტროენერგიის ფასი ვერ გაამესამედეს, წამლების ფასი ვერ დაწიეს, ხალხი ვერ დაასაქმეს და ასე შემდეგ, მათი მთავარი პრობლემაა, რომ სამართლიანობა ისე არ აღდგა. არის ინფორმაციაც და მოლოდინიც, რომ რაღაცეებს აპირებენ, თუმცა ვნახოთ, რა იქნება. პარტიამ უკვე გაიარა ის, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეში არიან, ზურა ჭიაბერაშვილზე საქმეა აღძრული და მიდის სასამართლო, დაიკითხნენ ხათუნა კალმახელიძე, დიმიტრი შაშკინი. ჩვენმა 6 ათასამდე აქტივისტმა გასაუბრება გაიარა პროკურატურაში თუ საგადასახადო ორგანოში. გვყავს რეკორდსმენებიც, რომლებიც ექვსჯერ და შვიდჯერ არიან ნამყოფი დაკითხვაზე. ველოდებით ახალი ტალღის დაწყებას, რადგან ჩვენი ოპონენტები არ მიიჩნევენ, რომ ასეთი სახის ოპოზიცია მათთვის სასარგებლოა. ყველამ ნახეთ, როცა მთავრობასთან მიდიოდა შეხვედრა, ჩვენ ორიენტირებული ვიყავით საქმეზე - იქედან მოდიოდა აგრესია, ჩვენ ორიენტირებული ვიყავით იმაზე, თუ რა გაკეთდა და როგორ უნდა გაკეთდეს, იქიდან იყო თითის ქნევა", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძემ შეცვალა. თანამდებობა დატობა თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმაც. საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ თანამშრომლებს ღარიბაშვილის კადრებით ჩაანაცვლებენ. 

კომენტარები