თბილისის მერი

ნარმანია თბილისის მერის არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე პოსტს არ დატოვებს

mrdi.gov.ge

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია თანამდებობას არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე არ დატოვებს.

"რაც შეეხება ჩემი მხრიდან თანამდებობის დატოვების საკითხს, ჯერჯერობით პოსტს არ დავტოვებ. ჯერ უნდა გამოცხადდეს არჩევნების თარიღი. საარჩევნო კანონმდებლობით ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა. მე ამ წესებისა და პროცედურების დაცვით მოვიქცევი. ასევე, სანამ თანამდებობას დავტოვებ, პარლამენტმა უნდა განიხილოს თვითმმართველობის რეფორმა, უნდა დამტკიცდეს სამინისტროს 4-წლიანი გეგმა და ა.შ. ერთი სიტყვით, ბევრი საქმეა", - აღნიშნა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, მას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენაზე კონსულტაციები როგორც ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე პოლიტსაბჭოს ცალკეულ წევრებთან ჰქონდა.

"ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, ადამიანებმა, რომლებმაც იმსჯელეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გახდა ცნობილი. მანამდე ჩემთან იყო კონსულტაციები რამდენიმე დღით ადრე. მე ჩემი ძირითადი ხედვები წარმოვადგინე, რომ თუ იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, რა შემეძლო გამეკეთებინა და რა ძირითადი პრიორიტეტები მექნებოდა", - აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები