ვარდების რევოლუცია

საგანელიძე: ნებისმიერი რევოლუცია ყველგან და ყოველთვის უბედურების მომტანია

დღეს ტაბულამ ხელისუფლების სამ წარმომადგენელს კითხვა დაუსვა:

”გუშნ 10 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, როგორ შეაფასებდით ამ მოვლენის გავლენას ქვეყნის განვითარებაზე?” - რაზეც მან სხვადასხვა პასუხი მოისმინა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე:

ვარდების რევოლუცია ჩემთვის იყო და დღემდე რჩება აბსოლუტურად მიუღებელი პროცესად. ის რაც მაშინ მოხდა იყო ჩემთვის მიუღებელი, მე მაშინაც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და დღესაც იმავე აზრზე ვრჩები, ნებისმიერი რევოლუცია, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს მხოლოდ უბედურების მომტანია და ეს ამ რევოლუციამაც დაამტკიცა. ის მაშინდელი ხტუნაობა მაგიდებზე, მე იქ ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს ქვეყნისთვის რომ სასიკეთო არ იყო და მხოლოდ ხალხის ემოციაზე იყო აწყობილი, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ჩვენ მაშინ გვქონდა აბსოლუტურად რეალური საშუალება იმისა, რომ კონსტიტუციური გზით გაგვეკეთებინა ის, რაც იმ ჯგუფს უნდოდა, რევოლუციით, იმიტომ, რომ ერთბაშად ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, როცა  კონსტიტუციურად შესაძლებელი იყო მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დაჯგუფებამ არ მოინდომა, ასე რომ ეს ის ათი წელია რომელმაც ქვეყანა სერიოზულად დააზარალა და უნდა იყოს კარგი გაკვეთილი ჩვენთვის.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი:

ვარდების რევოლუციით ხელისუფლება მოვიდა საკმაოდ დიდი იმედებით, ძალიან დიდი მხარდაჭერით მაგრამ ეს მხარდაჭერა მე ვფიქრობ, რომ გაუცრუვდა ხალხს და ცხრაწლიანი, მე არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმის, რეჟიმის შემდეგ, ორი წლის წინ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ბევრ ადამიანს, არც კი სჯეროდა რომ შეეძლოთ ამ რეჟიმის დამარცხება უსისხლოდ, დემოკრატიული არჩევნების გზით. მან შეძლო და დაარწმუნა ხალხი, რომ მათი ბედი მათ ხელშია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური:

შევარდნაძის პერიოდთან შედარებით რა თქმა უნდა იყო სერიოზული წინსვლები. ბევრი მიმართულებით. მაგალითად ბიზნესმა ისწავლა გადასახადების გადახდა. მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მაგალითად ბიუროკრატიული მექანიზმები იოლი გახდა და ადამიანებს ნაკლები ბიორიკრატიასთან შეჯახებები დასჭირდათ. მაგრამ ამასთანავე დამძიმდა მედიამიმართულებით სიტუაცია, დამძიმდა ცხინვალისა და სოხუმის თემა და რუსებმა აღიარეს ეს ჩვენი ორი ძირძველი ტერიტორია. დამძიმდა ადამიანის უფლებათა მიმართულებით. ვფიქრობ, რომ საერთოდ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ პერიოდებად ქვეყნის დაყოფა არ არის სწორი, ჩვენ ხშირად ვისმენდით რომ საქართველოს ისტორია დაიწყო ფაქტობრივად ვარდების რევოლუციის შემდეგ, ფაქტობრივად, თითქოს მანამდე არ არსებობდა საქართველო და მერე დაიწყო. ეს იყო უტრირებულად დანახული თემა. ის რომ ახლა შევარდნაძის დაჭაობებული სიტუაცია შეიცვალა ამას ჩვენ ყველანი მხარდ ვუჭერდით, მეც აქტიურად ვიყავი იმ რევოლუციაში ჩართული ისევე როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა. და ვფიქრობ რომ ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ ღირს, ჩვენ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ პერიოდებად კი არ უნდა ვუყუროთ სიტუაციას, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში ვაშენოთ ყველამ ჩვენი ქვეყანა.

 

კომენტარები