ვილნიუსის სამიტი

ზალკალიანი: გავითვალისწინებთ იმას, თუ რამ მიიყვანა უკრაინა ამ მდგომარეობამდე

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უკრაინის უარი სამწუხაროა, თუმცა მისი თქმით, ეს საქართველოს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს. როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს უთხრა, ქართული მხარე გაითვალისწინებს, თუ რამ მიიყვანა უკრაინა ამ მდგომარეობამდე.

"ძალიან სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს გადაწყვეტილებაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. ჩვენ ვილნიუსში მოვახდენთ შეთანხმების პარაფირებას და მოვემზადებით, რომ 2014 წელს შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ის პროცესები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარეობს, ნამდვილად გასათვალისწინებელია. ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამ მიიყვანა უკრაინა ამ მდგომარეობამდე", - განაცხადა ზალკალიანმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

ამასთან დაკავშირებით, კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო. 100 000-ზე მეტი უკრაინელი დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა და რადას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გააპროტესტა. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა სამთავრობო შენობებთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ. საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

პარალელურად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ხელისუფლების მხარდასაჭერი აქციაც მიმდინარეობს. მონაწილეთა რიცხვი 10 000-ს აღწევს.

კომენტარები