შიმშილის თამაშები

შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში რეკორდსმენი გახდა

შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში(The Hunger Games: Catching Fire) რეკორდსმენი გახდა. ფრენსის ლოურენსის ფილმმა აშშ-ის კინოგაქირავების პირველ უიქენდზე 161 მილიონ დოლარზე მეტი მოიტანა, რაც ნოემბერში ყველა დროის, ხოლო კინოს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.

სუზენ კოლინსის ბესტსელერის კინოეკრანიზაციის შედეგი კიდევ მნიშვნელოვანია, იმის გამო, რომ ფილმი 3D ფორმატში არ გამოსულა, რაც ნიშნავს, რომ ბილეთები უფრო იაფი ღირდა, ვიდრე კინოგაქირავების დიდი სამეულის შურისმაძიებლების, რკინის კაცი სამისა და ჰარი პოტერის დასკვნითი ნაწილის შემთხვევაში.

შიმშილის თამაშების სიქველის წარმატებული სტარტი კრიტიკოსების დადებითი შეფასების დამსახურებაა. ნამუშევარს კინომიმომხილველთა უდიდესი ნაწილი პოზიტიურად შეხვდა და პირველი ფილმის უკეთესი ვარიანტი უწოდა.

შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში კატნის ევერდინის ისტორიის გაგრძელებაა. 74-ე შიმშილის თამაშებში კატნისის და პიტას გამარჯვებამ არაერთ რაიონში მეამბოხეთა გააქტიურება გამოიწვია. პრეზიდენტი სნოუ წიგნის/ფილმის მთავარი გმირების განადგურებას 75-ე საიუბილეო თამაშში მათი დაბრუნებით აპირებს. ნამუშევარში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰაჩერსონი, ვუდი ჰარელსონი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და ლიამ ჰემსუორთი ასრულებენ. 

ფრენსის ლოურენსის ფილმი კინოგაქირავებაში აშშ-ის გარეთაც წარმატებულად ჩაერთო და სამ დღეში 146 მილიონ დოლარზე მეტის ბილეთები გაყიდა. 

კომენტარები