საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

აჭარის საოლქო პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი გახდა

მთავარი პროკურორის დამტკიცების შემდეგ, პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილება განხორციელდა. აჭარის საოლქო პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი გახდა. ტაბულას ინფორმაცია პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

ტყეშელაშვილმა აჭარის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან გზირიშვილი შეცვალა.

შოთა ტყეშელაშვილი რუსთავის პროკურორი იყო, ასევე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა ნაფიცი მასჯულების პირველ სასამართლო სხდომაზე. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე ოფიციალურად 21 ნოემბერს დაინიშნა. იამევ დღეს დაკმაყოფილდა თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილის განცხადება  თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, რომლითაც მან არჩილ კბილაშვილს 20 ნოემბერს მიმართა.

უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ახალი პრემიერმინისტრი ცდილობს გააკონტროლოს ძალაუფლების ყველა წერტილი, მათ შორის - პროკურატურა. დეპუტატის თქმით, მაღალი ალბათობით, პროკურატურის თანამშრომლებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებით ჩაანაცვლებენ, რაც, მისი შეფასებით, არ არის კარგი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით კი, პროკურატურაში ცვლილებები ძალიან ბუნებრივი პროცესია.

 

კომენტარები