2014 წლის ბიუჯეტი

2014 წელს მთავრობა 2009 წლიდან დღემდე ყველაზე დიდ შიდა ვალს იღებს

0 კომენტარი

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 400 მილიონი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს. ეს მოცულობა გასულ წლებში აღებულ შიდა ვალებს შორის ყველაზე დიდ თანხას წარმოადგენს. ვალის საპროცენტო განაკვეთი ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის და ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, აუქციონის სახით დადგინდება. საშუალო შეწონილი საპორცენტო განაკვეთი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სახელმწიფო რა რაოდენობის სახაზინო ვალდებულებებს და ობლიგაციებს გამოუშვებს, რადგან მათი ვადიანობის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთებიც სხვადასხვაა. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საშუალო შეწონილი განაკვეთი 7.8%-ია, რაც, თავისთავად, წინა წლების საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით უფრო მაღალ პროცენტს არ წარმოადგენს, თუმცა 400 მილიონიანი ვალის მომსახურებისთვის საკმაოდ მაღალია.

ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს დაგეგმილი შიდა ვალის მაჩვენებელი 2013 წლის იგივე მონაცემს 250 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წლის მონაცემს - 342 მილიონი ლარით აღემატება. ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილი საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში მოცემული არ არის. როგორც ფაქტ-მეტრისთვის ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნინო შანშიაშვილმა განმარტა, სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების გამოშვება 1997-2005 წლებში და 2009 წლიდან დღემდე ხდება. მისი თქმით, ეს ვალდებულებები 2004-2005 წლებში განულდა, ანუ გადაიფარა და 2009 წლიდან კვლავ მოხდა მათი განახლება. 2006, 2007 და 2008 წლებში სახელმწიფოს სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები არ გამოუშვია. 2009 წელს საშინაო ვალდებულებები 260 მილიონით, 2010 წელს 172 მილიონით, ხოლო 2011 წელს 91 მილიონი ლარით გაიზარდა. შანშიაშვილის თქმით, სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების 400 მილიონიან მოცულობაზე მეტი აქამდე ჯერ არ გამოუშვიათ, საპროცენტო განაკვეთი კი მხოლოდ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ აუქციონის სახით დადგინდება. 

2014 წლის ბიუჯეტის პროექტში "უპრეცედენტოდ დიდ და მაღალპროცენტიან შიდა ვალზე, რომელიც შემდეგ რთული იქნება გასასტუმრებლად" ყურადღება 2013 წლის 30 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ გაამახვილა. ვაშაძის თქმით, საგანგაშოა, რომ მთავრობა ამ ვალს სოციალური პროექტების დაფინანსებას მოახმარს.

საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროეტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2014 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 9.977 მილიარდი ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. ეს თანხა როგორც 2014 წლის ბიუჯეტის გეგმით ასაღებ ვალს, ისე წინა წლებში აკუმულირებულ ვალებსაც მოიცავს. სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობიდან 2.384 მილიარდი ლარი საშინაო ვალია. რადგან 2014 წელს 400 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღება იგეგმება, გამოდის, რომ 1.984 მილიარდი ლარი წინა წლებში აკუმულირებული გადაუხდელი, დარჩენილი შიდა ვალია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები