საქსტატი

საგარეო ვაჭრობა ევროკავშირთან მცირდება, დსთ-ის ქვეყნებთან იზრდება

2013 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს. საქსტატის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში შარშან იგივე პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 16%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4%-ით შემცირდა. 

საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ევროკავშირთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1%-ით შემცირდა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან - 10%-ით გაიზარდა. 

საექსპორტედ ყველაზე მოთხოვნადი მსუბუქი ავტომობილებია. მისი წილი მთლიან ექსპორტში 25%-ია. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში შედის ფეროშენადნობები - მთელი ექსპორტის 8%-ით და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი - მთელი ექსპორტის 5%-ით. 

საიმპორტედ ყველაზე მოთხოვნადი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. ამ ჯგუფის წილი მთელ იმპორტში 12%-ს შეადგენს. სასაქონლო ჯგუფებიდან საიმპორტო სამეულში შედის მსუბუქი ავტომობილები - მთელი იმპორტის 9%-ით და სამკურნალო საშუალებები - მთელი იმპორტის 4%-ით.

საქსტატის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი - 1.2 მილიარდი აშშ დოლარით, აზერბაიჯანი - 1.06 მილიარდი აშშ დოლარით და უკრაინა - 629 მილიონი აშშ დოლარით. 

კომენტარები