პარლამენტის განცხადება უკრაინის შესახებ

უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები უკრაინის თემაზე კონსულტაციებს გამართავენ

საქართველოს პარლამენტში, დეპუტატები უკრაინის თემაზე კონსულტაციებს გამართავენ. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები დღეს შეხვედრას გამართავენ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადების შემუშავებაზე იმსჯელებენ. 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და სტრტეგიულ პარტნიორს უკრაინას შეეხება, ოპოზიციასთან კონსულტაციები გაიმართება.

უმცირესობის წევრის ტარიელ ლონდარიძის თქმით კი, უმცირესობამ ტექსტი უკვე შეიმუშავა და პარლამენტი გადაწყვეტილებას, გავა თუ არა საკითხი ხვალინდელ სხდომაზე, მოგვიანებით მიიღებს.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის შესახებ დადგენილების მიღების ინიციატივით დღეს გამოვიდა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტში უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ოპოზიციონერი დეპუტატის ტარიელ ლონდარიძის თქმით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს განცხადება, რითაც გამოხატავს თანადგომას უკრაინელი ხალხის მიმართ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით კი, თუ უმცირესობას განცხადების მომზადების სურვილი აქვს, ჯობს, დეპუტატები ამ თემაზე შეიკრიბონ და იმსჯელონ. 

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

ამასთან დაკავშირებით, კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო. 100 000-ზე მეტი უკრაინელი დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა და რადას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გააპროტესტა. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა სამთავრობო შენობებთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ. საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი გამოსვლებს არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

 

კომენტარები