თბილისის შესახებ კანონი

უმრავლესობის წევრებმა თბილისის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა კანონპროექტი, რომელიც "დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, უკან გაიწვიეს. კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ, დეპუტატებმა პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად აცნობეს. 

კანონპროექტის თანახმად, დედაქალაქის მერს უფლებები ეზღუდებოდა. მას აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში თანამდებობის პირების დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდებოდა. ეს ეხებოდათ ვიცე-მერებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს, გამგებლებს, ადმინისტრაციის უფროსს, რომელთა მოხსნა-დანიშვნაც მერის პრეროგატივაა. 

საპარლამენტო უმრავლესობამ თბილისის შესახებ კანონპროექტის განხილვა 1 ნოემბერს შეაჩერა. მსჯელობა პარლამენტის სესიაზე იყო დაგეგმილი, თუმცა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა გადაიდო. დეპუტტები მაშინ ამბობდნენ, რომ კანონპროექტზე თვითმმართველობის კოდექსთან ერთად იმსჯელებდნენ.

"სხვადასხვა უფლებებსა და კომპეტენციებზეა საუბარი. არამარტო საკრებულოსი და მერიის. მე ვფიქრობ, თბილისს სჭირდება სპეციალური კანონი. მომავალში, ჩვენ ამ კანონზე, შესაძლოა, მისი დახვეწის თვალსაზრისით გავაგრძელოთ მუშაობა. თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე, შეიძლება, რაღაც ცვლილებები შევიდეს დედაქალაქის შესახებ კანონში, ოღონდ, არა მისი ლიკვიდაციის სახით. ასე რომ, წყნარად იყოს ბატონი უგულავა, მას არაფერი არ ემუქრება", - თქვა 1-ლ ნოემბერს უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები