ჩილე

ჩილე: ორმოცი წელი გადატრიალებიდან

ანი ჩხიკვაძე
0 კომენტარი

40 წელი გავიდა სამხედრო გადატრიალებიდან, როდესაც ლა მონედას სასახლე ცეცხლის ალში გაეხვია და სალვადორე ალიენდეს მთავრობა დაემხო. დღეს, გაბრიელა მისტრალის, კლაუდიო არაუს და პაბლო ნერუდას ქვეყანა ამაყობს სტაბილური ეკონომიკური ზრდით, მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტებით და მისაბაძია დანარჩენი ლათინური ამერიკისთვის.

40 წლის შემდეგ, სანტიაგოს ქუჩებში ნახავთ ბევრ ადამიანს, რომელთა აზრითაც, გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა ჩილე გადაარჩინა, გამხდარიყო „კიდევ ერთი კუბა". 2006 წელს, პინოჩეტის დასაფლავებაზე 60,000-მდე ადამიანი მივიდა, რომელთა ნაწილიც ცხარე ცრემლით ტიროდა.

1973 წლისთვის ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, ხშირი იყო მაღაროელთა და რკინიგზის მუშათა გამოსვლები, ეკონომიკა კრიზისში აღმოჩნდა, ქვეყანა პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტს განიცდიდა, მაღალი იყო ინფლაციის დონე, პროტექციონისტული ტარიფების დაწესების და ნაციონალიზაციის პოლიტიკის შედეგად ინვესტორები უარს ამბობდნენ ჩილეში ფულის დაბანდებაზე. ერთი სიტყვით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია ხელს აძლევდათ სამხედროებს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, გადატრიალება მოეხდინათ.

სალვადორ ალიენდე
მოგვიანებით, ჩილემ მოახერხა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა იმ ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების ხარჯზე, რომელსაც „ჩიკაგოს ბიჭები", ჩიკაგოს უნივერსიტეტში განათლებამიღებული, მილტონ ფრიდმანის სტუდენტები წარმართავდნენ.

როგორც მილტონ ფრიდმანი ამბობდა, „ჩილეს ეკონომიკამ ძალიან კარგად იმუშავა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცენტრალური მთავრობა, სამხედრო ხუნტა, დემოკრატიული საზოგადოებით შეიცვალა. ანუ, აღსანიშნავი ჩილეს შესახებ არის ის, რომ თავისუფალმა ბაზარმა შეძლო თავისუფალი საზოგადოების შექმნა". ფრიდმანის მსგავსად, პოლიტიკური მეცნიერების ნაწილი, მათ შორის, სამუელ ჰანტინგტონი, რობერტ დალი, ფრენსის ფუკუიამა და ეკონომისტი მოისეს ნაიმი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად განათლებული და შემოსავლის მქონე საშუალო კლასის გაჩენა ხელს უწყობს დემოკრატიზაციას. საშუალო კლასის ზრდასთან ერთად იზრდება მათი მოთხოვნები მთავრობის მიმართ და ადვილი ხდება მობილიზება.

1990 წლიდან, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და დღეს 19,475 დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. ჩილე ლათინურ ამერიკაში პირველი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციას (OECD). სიღარიბის ქვეშ მცხოვრებთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუ ეს მაჩვენებელი 1988 წლისთვის 48% იყო, 2000 წელს 20%-მდე დავიდა, დღეისთვის კი 13,7%-ს უდრის. თუმცა, ამასთანავე, ჩილე შემოსავლის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა. მისი GINI-ს კოეფიციენტი 0.52-ია.

ჩილეს ეკონომიკა სპილენძის ექსპორტით საზრდოობს (მსოფლიო ექსპორტის 1/3 ჩილეზე მოდის). The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მსოფლიოში 34-ე ადგილზეა. ბიზნესისთვის ღია და სტაბილური გარემო ქვეყანას საშუალებას აძლევს, მოიზიდოს საგარეო ინვესტიციები. საგარეო პირდაპირმა ინვესტიციებმა 2012 წელს 17.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩილემ მოახერხა თავიდან აეცილებინა ლათინოამერიკული კორუფციის სინდრომი. საერთაშორისო გამჭირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ჩილე მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად კორუფციულ ქვეყნებს შორის ხვდება (მე-20 ადგილი), რაც მას ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გვერდით აყენებს. გამარტივებული საგადასახადო კოდექსი, ბიზნესის წამოწყების სიმარტივე და მარეგულირებელ ორგანოებში მაღალკვალიფიციური პერსონალი ხელს უწყობს კორუფციის აღმოფხვრას.

აუგუსტო პინოჩეტი და ხუნტის წევრები
რაც შეეხება გაეროს განვითარების პროგრამის Human Development Index-ს, ჩილეს რეიტინგი 1980-იანი წლებიდან მოყოლებული უმჯობესდებოდა და 0.638-დან 0.819-მდე გაიზარდა, რაც მას დღეს მსოფლიოში მე-40 ადგილზე აყენებს, ხოლო ლათინურ ამერიკაში პირველია. ცხოვრების დონე ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და დღეს ჩილე წამყვან სახელმწიფოებში ხვდება. საერთაშორისო სტუდენტთა შეფასების პროგრამის (PISA) მიხედვით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოსწავლეთა შესაძლებლობას აფასებს მათემატიკის, მეცნიერებების და კითხვის კუთხით, ჩილეს 41-ე ადგილი უკავია. საგანმანათლებლო სისტემის პრობლემა „ჰორიზონტალური" სეგრეგაციაა, სადაც სკოლების დიდ ნაწილში სწავლების დონე არ განსხვავდება, თუმცა მოსწავლეები სკოლებში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით არიან დაყოფილნი.

დღეს ჩილე საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებაშია გახვეული. არჩევნებში ერთმანეთს ორი ქალბატონი, ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელე და მემარჯვენე-ცენტრისტთა კანდიდატი ეველინ მატეი უპირისპირდებოდნენ. წინასაარჩევნო გამოკითხვათა მიხედვით, ბაჩელე 20 პროცენტით უსწრებდა მატეის, თუმცა არჩევნების დღეს ხმების 50 პროცენტის მიღება ვერ მოახერხა და ერთი თვის თავზე კიდევ ერთხელ მოუწევს დაპირისპირება ბავშვობის მეგობართან.

მიშელ ბაჩელე კოალიცია „ახალ უმრავლესობას" წარმოადგენს. მემარცხენე კოალიციამ (აქამდე Concentración-ის სახელით ცნობილი) დღემდე ჩატარებული ხუთი არჩევნებიდან 4-ში გაიმარჯვა. თავად ბაჩელე სოციალისტურ პარტიას ეკუთვნის. იგი ქვეყანას 2005-2009 წლებში მართავდა, რის შემდეგაც გაეროს ქალთა ორგანიზაციას ედგა სათავეში. ბაჩელე აგნოსტიკოსი, განქორწინებული და მარტოხელა დედაა, რომელიც ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისთვის იბრძვის. ლიბერალურად განწყობილი საჯარო მოხელე ღრმად კათოლიკური ჩილესთვის უცხოა (განქორწინების დაკანონება ჩილეში მხოლოდ 2004 წლიდან არის შესაძლებელი).

რაც შეეხება ეველინ მატეის, ის მემარჯვენე კოალიცია Alianza-ს წარდგენილი კანდიდატია. კოალიცია კონსერვატიულ „აღორძინების პარტიას" და „დამოუკიდებელ დემოკრატებს" აერთიანებს. მატეის პრეზიდენტ სებასტიან პინიერას კაბინეტში შრომის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ეკონომიკაში შექმნილი დამატებითი 300,000 სამუშაო ადგილის მეშვეობით, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უმუშევრობის დონე 7.3 პროცენტიდან 5.7-მდე დავიდა. კამპანიის განმავლობაში მატეი მოსახლეობას პინიერას ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკის გატარებას და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ჰპირდებოდა.

ეველინ მატეი
სამხედრო გადატრიალების მე-40 წლისთავზე საპრეზიდენტო კამპანია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. მემარცხენე და მემარჯვენე კოალიციებმა ვერ მოახერხეს მაგალითი მიეცათ პოლარიზებული პუბლიკისთვის. სამხედრო წარსული ორივე კანდიდატისთვის რთული თემაა. ეველინ მატეიც და მიშელ ბაჩელეც იმ გენერლების შვილები არიან, რომლებიც 1973 წლის გადატრიალების შემდეგ სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ფერნანდო მატეიმ და ალბერტო ბაჩელემ, დიდი ხნის მეგობრობის მიუხედავად, წინააღმდეგობების გადალახვა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხეს. ალბერტო ბაჩელე გადატრიალების შემდეგ სალვადორ ალიენდესადმი ლოიალური დარჩა. ის წამებით გარდაიცვალა სამხედრო სკოლის შენობაში, რომელსაც მატეის მამა მართავდა. 88 წლის ფერნანდო მატეიმ უარყო შესაძლო თანამონაწილეობა აღნიშნულ საქმეში – ის ალბერტო ბაჩელეს მკვლელობისას ჩილეში არ იმყოფებოდა. მას სამხედრო სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობა ნომინალურად ეკავა და დროის ძირითად ნაწილს ქვეყნის გარეთ ატარებდა. მისთვის არც გამოძიებას, რომელიც სამხედრო სკოლაში წამების ფაქტებს იძიებდა, დაუდია ბრალი.

წლების განმავლობაში შეხედულებები გადატრიალების შესახებ იცვლება. თუ 2003 წლის გამოკითხვის მიხედვით, პინოჩეტს 24 პროცენტი მიიჩნევდა გადატრიალებაში დამნაშავედ, დღეს ეს მაჩვენებელი 41%-ია. დღეს გამოკითხულთა 16% თვლის, რომ სამხედრო ძალები სწორად მოიქცნენ, მაშინ როდესაც 10 წლის წინ ამ მოსაზრებას 36% ეთანხმებოდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდს, დიდი ალბათობით, მიშელ ბაჩელე მოიგებს. ის ამომრჩეველს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასთან ერთად უთანასწორობასთან განმკლავებას, უფასო განათლებას და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდას ჰპირდებოდა. ამასთანავე, ბაჩელე ესწრაფვის აბორტის ლეგალიზაციას და უმცირესობათა უფლებების დასაცავად კანონმდებლობის მოდერნიზაციას.

მიშელ ბაჩელე
მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება კონსტიტუციის შეცვლაა, მაგრამ ამისთვის ხმების მინიმუმ 2/3 ესაჭიროება ორივე პალატაში. ამასთანავე, ჩილეს ბინომინალური საარჩევნო სისტემა უნიკალურია. პინოჩეტის პერიოდის კონსტიტუციით, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მოიპოვოს მეორე ადგილზე გასული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების გაორმაგებული რაოდენობა. პარტია მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიკავებს თითოეულ ოლქზე გამოყოფილ ორ ადგილს ეროვნულ კონგრესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილები იყოფა. ეს სისტემა უპირატესობას აძლევს ორ მთავარ პარტიას, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, სხვა დანარჩენი კი თამაშს ეთიშება. როგორც ჩილეს ყოფილმა პრეზიდენტმა რიკარდო ლაგოსმა თქვა, ჩილეში ხმის მიცემის შემდეგ მხოლოდ წითელ ან თეთრ ღვინოს გთავაზობენ და არ გაქვს შესაძლებლობა, უფრო დახვეწილი კაბერნე სოვინიონი, მერლო თუ სოვინიონ ბლანი აირჩიო.

ეს სისტემა, პინოჩეტის ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომი ცვლილებების გართულების მიზნით შეიქმნა. წლევანდელი ეროვნული კონგრესის არჩევნებზე ბაჩელემ მოახერხა უბრალო უმრავლესობის მიღება, რაც მას გადასახადების დაპირებისამებრ გაზრდაში დაეხმარება. საგანმანათლებლო რეფორმის გასატარებლად მას დასჭირდება სტუდენტური მოძრაობის ლიდერების გადაბირება, რომლებმაც დეპუტატთა პალატაში ადგილების მოპოვება მოახერხეს. თუმცა საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმისათვის საჭირო ხმების რაოდენობა მან ვერ მოიპოვა. ბაჩელემ შესაძლოა ახლანდელი პრეზიდენტის პინიერას ბედი გაიზიაროს, რომელიც ვერ ახერხებდა სენატის და დეპუტატთა პალატის დათანხმებას მის მიერ ინიცირებულ რეფორმებზე, რაც მომავალი პრეზიდენტის რეიტინგზე არცთუ ისე კარგად აისახება.

1973 წელს, სანტიაგოს ცენტრში, პლაზა დე არმასი ცრემლსადენი გაზით გაიჟღნთა. საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურ მდგომარეობად გადაიქცა. ალიენდეს მთავრობა მკაცრად უსწორდებოდა დემონსტრატებს, ქვეყანაში კუბელი დაქირავებული მებრძოლები გამოჩნდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ალეინდეს ხელისუფლება ერთხმად დაგმო იურიდიული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის და დეპუტატთა პალატამ პრეზიდენტს, მინისტრებს, პოლიციას და არმიას მოუწოდა ქვეყნის დემოკრატიის გადასარჩენად კონსტიტუციური მმართველობა დაეცვა.

გადატრიალების პირველი მცდელობა გენერალ რობერო სოუპერს ქონდა, როდესაც მან ლა მონედას სასახლის ტანკებით აღება სცადა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ა.შ.შ.-ს მხარდაჭერით პინოჩეტმა მოახერხა ლა მონედას სასახლის დაბომბვა და რეჟიმის ჩამოგდება. რასაც 17 წლიანი დიქტატურა მოჰყვა, რომელსაც 3000-ზე მეტი პოლიტიკური ოპონენტი შეეწირა, აწამეს, უგზოუკვლოდ დაიკარგა თუ გადაასახლეს. 1988 წლის რეფერენდუმზე, პოლიტიკური კამპანია „არა"-ს ლიდერებმა, მოახერხეს მოსახლეობის მობილიზება მოეხდინათ და ჩილეს მოსახლეობამ უარი თქვა გენერალისთვის კიდევ 8 წლით მიეცა ხელისუფლებაში ყოფნის შესაძლებლობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები