ეროვნული ბანკი

მრეწველობაზე გაცემული სესხები 9.6%-ით შემცირდა, ვაჭრობაზე - 4.6%-ით გაიზარდა

www.financial.ge

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, 1.1%-ით, ანუ 100.4 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.5%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.3%-ით გაიზარდა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბრის განმავლობაში 2.2%-ით გაიზარდა. იურიდიულ პირებზე კი კომერციულმა ბანკებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 1%-ით ნაკლები მოცულობის სესხი გასცეს ეროვნული ვალუტით, ხოლო უცხოური ვალუტით - 0.4%-ით მეტი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების 73.2% მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. აქედან ყველაზე დიდი წილი - 48% - ვაჭრობის სფეროს უკავია. მას მოსდევს მრეწველობა - 17.2%-ით და მშენებლობა 8%-ით. ამასთან, ამ სამი დარგიდან, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში შემცირებულია მხოლოდ მრეწველობის დარგი - 9.6%-ით. ოქტომბერში ვაჭრობაზე გაცემული სესხების მოცულობა 4.6%-ით, ხოლო მშენებლობაზე გაცემული სესხების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა.

სულ, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებამ 9.6 მილიარდი ლარი შეადგინა. 

კომენტარები