არტისტერიუმი

მცოცავი ოკუპაციის ფონზე

წლევანდელი არტისტერიუმის მთავარი თემა იყო „Am I You?". თბილისის თანამედროვე ხელოვნების VI საერთაშორისო გამოფენაში 80 მხატვარი ჩაერთო საქართველოდან, აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, ნიდერლანდებიდან, სამხრეთ კორეიდან, რუსეთიდან (დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი), უკრაინიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და იაპონიიდან.

არტისტერიუმის ფარგლებში (4-14 ოქტომბერი) მოეწყო გამოფენათა ციკლი, დისკუსიები, მასტერკლასები, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრები; წლევანდელი ინიციატივის მნიშვნელობაზე ასოციაცია არტისტერიუმის კურატორს – მაგდა გურულს დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე ვკითხეთ:

Performance. Nezaket Ekici, Germany & Shahar Marcus, Israel.
მაგდა გურული: პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არტისტერიუმი მეექვსედ ჩავატარეთ. საქართველოში პერიოდულობის შენარჩუნება ცოტა რთულია. მაგალითად, 90-იან წლებში ერთხელ გაიმართა „თბილისის ბიენალე", შემდეგ იყო „არტ კავკასია", „არტ ექსპო", რომლებიც მხოლოდ რამდენჯერმე ჩატარდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი ორგანიზატორები მცდელობას აკლებდნენ, არა! უბრალოდ, პერიოდულობის შენარჩუნება იოლი არ არის, რადგან ფინანსურის გარდა, თვითონ თუ არ შექმენი ინფრასტრუქტურა, არაფერი გამოვა. წლევანდელი არტისტერიუმი სპონსორებითაც გამოირჩეოდა: წელს პირველად დაგვიჭირა მხარი ისრაელის საელჩომ, Japan Tobacco International-მა.

ნიშვნელოვანია ისიც, რომ 2008 წლიდან ჩვენი სპონსორია ამერიკის საელჩო საქართველოში. მინდა გამოვყო მთაწმინდის პარკი, როგორც ბიზნესის ჩართულობის მაგალითი. იქ არის სახელოსნოები, სადაც რამდენიმე მხატვარი მუშაობს და მათი ნამუშევრები „ეშმაკის ბორბლის" ქვეშ გამოიფინა. ამ ნამუშევრების გაყიდვა გაიმართება ხვალ, შემოსული თანხით კი სტიპენდია სამხატვრო აკადემიის რამდენიმე სტუდენტს დაენიშნება – ასეთი ინიციატივა წელს პირველად ხორციელდება.

რამდენად დიდი იყო ინტერესი და ჩართულობა?

გამოფენების გახსნაზე ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. გაშუქების თვალსაზრისით, ცოტა ხელი შეგვიშალა თბილისობამ, მაგრამ, მეორე მხრივ, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებზე წელს ბევრი ადამიანი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა და სოციალური ფენის ისეთი სეგმენტი ჩაერთო, რომლის დაინტერესება-მოზიდვა რთულია.

რა სიახლეებია სივრცეების თვალსაზრისით? წინა წლებში აქტუალური და ვიზუალური არტი ერთად იფინებოდა, რადგან შესაბამისი სივრცე არ გვქონდა... გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა?

Narrative Release for “Liberty Leading the People.” Archil Turmanidze, Georgia.
კარგად იმუშავა მთაწმინდის პარკის „ეშმაკის ბორბლის" ქვეშ არსებულმა სივრცემ. თვითონ ქარვასლა ცოტა რთული სივრცეა, მაგრამ იმდენი წელია იქ ვმუშაობთ, რომ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ. დაგვემატა „გალა გალერეა", ფოტოგალერეა „კონტეინერი", ჩართული იყო „ევროპის სახლი", ასევე, ლიტერატურის მუზეუმი, რომელსაც ორი საგამოფენო დარბაზი აქვს და ბოლო წლებია ვთანამშრომლობთ. რომ გითხრათ, გარღვევაა სივრცეებში, არა! მაგრამ მგონი ვისწავლეთ არსებულში მუშაობა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მიმართულებით მომავალში რაღაც შეიცვლება. შარშან, მაგალითად, გვქონდა ერთი პროექტი ელიავას ბაზრობაზე, ანუ ვცდილობთ, ყოველწლიურად განვახორციელოთ ერთი ისეთი პროექტი მაინც, რომელიც საჯარო სივრცეში იმუშავებს.

რას გვეტყვით წლევანდელი არტისტერიუმის მთავარ თემაზე?

„ვარ მე შენ?" – ეს არის თემა ურთიერთობის, კომუნიკაციის პრობლემაზე. ამ სათაურით 1998 წელს, მირზაანში ჩატარდა ილიკო ზაუტაშვილის პერფორმანსი, სადაც არის 2 წყვილი, აქედან პირველი ორი წიგნს სხვადასხვა ენაზე ერთმანეთის პარალელურად კითხულობს, ხოლო მეორე ორს თვალები აქვს ახვეული და შეხებით ცდილობენ ერთმანეთის გაგებას. ერთია, როდესაც დაფიქსირებული ხარ საკუთარ კულტურაზე, საკუთარ თავზე, საკუთარ ხმაზე, საკუთარ ენაზე, მაგრამ მეორეა, როცა ურთიერთობაში ყველა გრძნობა არ გაქვს ჩართული და არ ხარ ღია... წელს ამ პერფორმანსის რეკონსტრუქცია გავაკეთეთ, ძველი მონაწილეებიდან ჩართული იყო თეო ხატიაშვილი და ნინო ნამიჭეიშვილი, დაგვემატნენ ახლებიც: სანდრო ლომინაშვილი და ჯულია შარლოტ რიხტერი, რომელიც გერმანულად კითხულობდა ტექსტს.

Archangel. Claire Halpin, Ireland.
ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდნენ მხატვრები: ლედო და ჯენიფერ ჰიქსი, რომლებმაც პერფორმანსი შემოგვთავაზეს, ხოლო მესამე მხატვარი, რომელიც ასევე ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩაერთო, არის ლადო ფოჩხუა, რომლის გამოფენაც ეროვნულ გალერეაში 14 ნოემბრამდე დარჩება. ლადო იყენებს ფოტოგრაფიას, როგორც მედიას და ასახავს წლებს, როდესაც წყნეთში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა. აღნიშნული თემა ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც მცოცავი ოკუპაციის მაგალითები არსებობს. ამაზე სულ უნდა ვილაპარაკოთ! „ვარ მე შენ?" – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მაშინ ლტოლვილებად იქცნენ, ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი... არსებობენ ადამიანები, რომლებიც ოკუპაციაზე ხმას არ იღებენ, ამას ამართლებენ და უნდათ, რომ მართებულ ქმედებად გამოიყვანონ – აი, ეს არის ზუსტად საკუთარ თავთან კომუნიკაციის პრობლემა! ინტეგრირებულ ერში და ერში, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს, სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა-არწასვლის თემა საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს – უნდა ისმოდეს მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი „არა"!

Place of meeting – under the wheel.
არტისტერიუმის არსებობის მნიშვნელობაზე დასკვნითი გამოფენის ავტორმა, აშშ-დან საგანგებოდ ჩამოსულმა მხატვარმა – ლადო ფოჩხუამ გვითხრა: არტისტერიუმი არის ის, რაც საქართველოს აკლია, კერძოდ, იდეების, ადამიანების, მოვლენების „მოძრაობა"... ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ჩაკეტილი იყო. არტისტერიუმი ათავისუფლებს მას იზოლაციისგან და ამიტომაც, მისი არსებობა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი მთავრობა, უნდა გაგრძელდეს. მიხარია, რომ პროექტს, რომელიც ბიენალეზე არ წავიდა, აქ წარმოვადგენ. მასში ვლაპარაკობ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ 11 წელიწადზე და თემით, ან ჩემი ლტოლვილობით კი არ ვმანიპულირებ, არამედ ვყვები იმაზე, რაც დღემდე აქტუალურია – ადამიანები დღესაც ჩვენ თვალწინ ხდებიან დევნილები და ეს არის ერთგვარი გოლგოთა, რომელზეც ვერა და ვერ ავიდა ერი. აქ არ ვლაპარაკობ ომზე, ვლაპარაკობ მხოლოდ ლტოლვილების ცხოვრებაზე. როდესაც ხდები ლტოლვილი, შენი პრიორიტეტები იცვლება და იწყებ თვითგადარჩენას. ამასთან, ჩვენ აღმოვჩნდით დევნილები ყველაზე ღარიბ, ყველაზე პრობლემურ ქვეყანაში. არტისტერიუმის სახით არსებობს ტრიბუნა, სადაც შემიძლია მოგიყვეთ და საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ.

გელა პატიაშვილი, საფრანგეთი, პირამიდები
ამასთან, ეს არ არის ფოტოგამოფენა, ეს არის ინსტალაცია, სადაც მასალა არის ფოტოგრაფია. როდესაც წყნეთში ვცხოვრობდი, მშურდა უცხოელების, რომლებსაც ძალიან კარგი კამერები ჰქონდათ, ვოცნებობდი „მამიაზე", „ჰასელბლადზე", კარგ ფირებზე და ახლა ვამბობ, რა ბედნიერებაა, რომ არცერთი არ მქონდა, რადგან ფოტოები იქნებოდა ისეთი, როგორიც National Geographic-ის ფოტოებია, როდესაც გერმანელი დიდი ჯგუფით, გამნათებლების, ასისტენტების, გრიმიორების თანხლებით ჩადის ავღანეთში და საშინელ სამყაროს თანამედროვე ტექნოლოგიით იღებს – კონცეპტუალურად ეს არის ტყუილი... მე ვიღებდი ძველი კამერით, ძველ შავ-თეთრ კინოფირზე, რომელსაც მშრალ ხიდზე ვყიდულობდი „რულონებად", თვითონვე ვჭრიდი... ანუ ვიღებდი ისე, როგორც ვცხოვრობდი...

ლადო ფოჩხუა ამერიკაში საქართველოში ჩამოტანილი პროექტის გახსნის დღეს დაბრუნდა. ემზადება პერსონალური გამოფენისთვის, რომელსაც ნოემბრის დასაწყისში გალერეა „ბრუკლინ ბოქსში" გახსნის, ასევე, ლექციისთვის კოლუმბიის უნივერსიტეტში, თემაზე: „ქართული სოცრეალიზმი" და ღია გაკვეთილისთვის ხატვაში, რომელსაც „ვიტნი მუზეუმში" ჩაატარებს.

კომენტარები