თვითმმართველობის კოდექსი

ნარმანია: პოლიტიკურ პარტიებს თვითმმართველობის კოდექსის ფობია აქვთ

mrdi.gov.ge

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ ნინო ბურჯანაძის საპასუხოდ თქვა, რომ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს თვითმმართველობის კოდექსის ფობია აქვთ. "ამიტომ მე მათ ვურჩევ, ბოლომდე და კარგად წაიკითხონ ყველაფერი და ცალკეულ ფრაზებს ნუ ეჭიდებიან, რადგან ეს საკმაოდ მოცულობითი კოდექსია", - თქვა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდნენ გუბერნატორები, რომლებიც პირდაპირ წინასაარჩევნო დავალებებს ასრულებდნენ და მეტი ფუნქცია არ ჰქონდათ, ხოლო ახალი კანონმდებლობის მიხედვით, გუბერნატორებს ეყოლებათ სამხარეო საბჭო, რომელიც თავად განუსაზღვრავს ხელისუფლებას, თუ რა უნდა გაკეთდეს მხარეში და არა ხელისუფლება.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონპროექტით ქართული ოცნება ცდილობს, ხელისუფლებაში ყოფნის ვადები გაიხანგრძლივოს. ბურჯანაძის თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რეგიონის მართვის ორგანოებად განისაზღვრება სუსტი სტატუსის და ფუნქციის მქონე საზოგადოებრივი საბჭო და საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი.

„შემოთავაზებული კანონპროექტით გუბერნატორს ისევ ეძლევა რეალური ბერკეტები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ ფიქციად დარჩეს. ასევე საგანგაშოა მუნიციპალიტეტების დაუფიქრებელი დაჩქარებით დაშლა, საღი სიღრმისეული მსჯელობისა და გაანალიზების გარეშე უდიდეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას და ქვეყნის სტაბილურობას. ამ წესით დაშლა გამოიწვევეს სერიოზულ პრობლემებს", - თქვა ბურჯანაძემ.

კომენტარები